სცენაზე ქალთა ანსამბლი „ელიო“ გამოვიდა – მათ უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმღერეს. სტუმრების წინაშე წარდგა ვაჟთა ანსამბლი „კრწანისიც“.
ამ დღეს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში ბევრი სტუმარი შეიკრიბა. ილაპარაკეს პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა. რამდენად მნიშვნელოვანია გარშემომყოფებისთვის თუ სახელმწიფოსთვის მათი საჭიროებების შეხსენება.
„ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე, პირველ რიგში ჩვენთვის, უსინათლოებისთვის, რათა ვიგრძნოთ თავი საჭიროდ და მნიშვნელოვნად. გვსურს, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია და შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება“- ამბობს, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორი, თამარ ცალქალამანიძე.
13 ნოემბერი მსოფლიოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1984 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი უსინათლოების პრობლემებზე საუბარი, მათთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საქართველოში ამ დღეს 2010 წლიდან აღნიშნავენ.
წლებთან ერთად ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა ბევრი პრობლემა ქვეყანაში კვლავ გადაუჭრელია. მაგალითად, უსინათლოებისთვის კვლავ დიდი გამოწვევაა არაადაპტირებული გარემო, დასაქმება, განათლების არასრულფასოვნად მიღება და ადამიანის კიდევ სხვა კონსტიტუციური უფლებები.
„ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ვაწყდებით უსინათლოები და შშმ პირები, ეს არის ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში და ინფრასტრუქტურული პრობლემები. ეს მოიცავს გარემოს ადაპტირებას, ბილიკების დაგებას უსინათლოებისთვის, ყველა ავტობუსში აუცილებლად უნდა იყოს სადგურების გახმოვანებული სახელები. დასაქმების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელმა მინიმუმ 1 ადგილი მაინც გაითვალისწინოს შშმ პირისთვის“,- ამბობს, შაბან მამედოვი.
წელს საქართველოში პირველად შეძლეს უსინათლოებმა მაგიდის ჩოგბურთის თამაში და ამ დღეს სიმბოლურად სპორტული შეჯიბრიც გაიმართა. უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში ამ დღის აღნიშვნა იმედიანად დასრულდა. იმედით, რომ მომავალ წელს ამ დღეს ბევრად ნაკლები პრობლემით და გამოწვევით შეხვდებიან.