რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ადგილობრივი ოპოზიცია ე.წ. მთავრობის წინააღმდეგ მართავს აქციებს და პროტესტის ნიშნად მაგისტრალებს კეტავს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა მოჰყვა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. გადაწყვეტილება დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ახლახან მიიღო.
ეს ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ინვესტორი რვა წლით თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადისგან, დამატებითი ღირებულების გადასახადი კი მხოლოდ ხუთი პროცენტი იქნება.
მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. დღეს დილით, 12 ნოემბერს, ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს დაკავებულების საათ-ნახევარში გათავისუფლებას დაჰპირდნენ და ამ დაპირების სანაცვლოდ ხიდი დროებით განიბლოკა, თუმცა დაკავებულები ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ. ამის გამო მომიტინგეებმა ხიდები ისევ გადაკეტეს.
დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთს წესრიგის უზრუნველსაყოფად საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს.