ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის 47-ე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დასრულებულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა.
09:00 საათის მონაცემებით (თბილისის დროით), „რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. 45-ე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიის 232 ხმა აქვს მიღებული, ხოლო კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 211 ხმა.
ამერიკული საარჩევნო სისტემით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.
კანდიდატებმა მოიპოვეს გამარჯვება ისეთ შტატებში, რომლებიც ტრადიციულად ან რესპუბლიკურია, ან დემოკრატიული. შესაბამისად, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა ტეხასში, ლუიზიანასა და ოჰაიოში. ხოლო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა კამალა ჰარისმა ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და ვაშინგტონში გაიმარჯვა.
ამ არჩევნებზე კრიტიკული მნიშვნელობისაა სწორედ მერყევი შვიდი შტატი, კერძოდ: ჯორჯია, პენსილვანია, უისკონსინი, მიჩიგანი, არიზონა, ნევადა და ჩრდილოეთ კაროლინა. ექსპერტების აზრით, პენსილვანიაში გამარჯვება იქნება საკვანძო კანდიდატებისთვის.
მერყევ შტატებს შორის პირველი გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა. ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც ხმათა 92.30%-ია დათვლილი, დონალდ ტრამპმა ხმათა 50.81% მიიღო, ხოლო კამალა ჰარისმა 48.03%.
ფლორიდის შტატი, რომელიც სულ რაღაც 2016 წლამდე მერყევ შტატად ითვლებოდა, ახლა მყარად რესპუბლიკური შტატი გახდა. კერძოდ, ქალაქი მაიამი, სადაც 2016 წელს ჰილარი კლინტონის მხარდაჭერა 63.9% იყო, ხოლო ბაიდენის მხარდაჭერა 2020 წელს 53%, კამალა ჰარისმა ამ დროისთვის 44% მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა 54%.
არჩევნების ძირითად დღემდე, 5 ნოემბრამდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით ისარგებლა 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, ნაწილმა კი ხმა მისცა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე.
საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი. თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.