მთავარიმსოფლიორუსეთის ქალაქ ყაზანში BRICS-ის სამიტი მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქ ყაზანში BRICS-ის სამიტი მიმდინარეობს

რუსეთის 20-ზე მეტი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სავაჭრო მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერები ქალაქ ყაზანში BRICS-ის მე-16 სამიტზე იკრიბებიან. სამი დღის განმავლობაში ეს ქალაქი უმასპინძლებს იმ ქვეყნებსა და დიპლომატებს, რომლებიც ძირითადად მოსკოვის მხარდამჭერი პოზიციით გამოირჩევიან.

სამიტის პირველი დღის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე შეხვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის. ლიდერების საუბარი ძირითადად სავაჭრო-პოლიტიკურ საკითხებს შეეხო, თუმცა ნარენდრა მოდიმ უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. ომთან დაკავშირებით დელის პოზიცია 2022 წლის 24 თებერვლიდან მკაფიოდ არც ერთხელ არ დაუფიქსირებია. ნარენდრა მოდიმ მიმდინარე წელს შეხვედრები ვლადიმერ პუტინთანაც გამართა და კიევშიც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ინდოეთის პრემიერის გზავნილი არც BRICS-ის სამიტზე შეცვლილა – საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს.

„თქვენო უდიდებულესობავ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან წარმატებით უძღვებით BRICS-ის ალიანსს. გაერთიანების 15-წლიანი არსებობის განმავლობაში BRICS-ის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ამიტომ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას სურს მისი წევრობა. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. როგორც აქამდეც ვთქვი, გვჯერა, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მშვიდობისა და სტაბილურობის უსწრაფესი გზით დამყარებას. ჩვენს თითოეულ ძალისხმევაში ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ ადამიანობას და მზად ვართ, სამომავლოდაც ნებისმიერი ფორმით დავეხმაროთ ამ პროცესს“, – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.

ყაზანში იმყოფება ჩინეთის პრეზიდენტიც. სი ძინპინი შეხვდა თავის რუს კოლეგას, თუმცა ინდოეთის პრემიერისგან განსხვავებით უკრაინაში მიმდინარე ომზე მას ყურადღება არ გაუმახვილებია. ლიდერებს შორის განიხილებოდა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი BRICS-ის სამიტზე, ყაზანი, რუსეთი, 22 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Alexander Zemlianichenko

BRICS-ის სამიტის ფორმატში ეკონომიკური საკითხების განხილვა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2022 წლიდან საერთაშორისო იზოლაციის ფონზე მოსკოვი ახალ სავაჭრო მოკავშირეებს ეძებს.

„რუსეთსა და სამხრეთ აფრიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მეტწილად კარგ მაჩვენებელზეა. მცირე დაღმასვლის შემდეგ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 3%-იანი ზრდა გვაქვს. რა თქმა, უნდა სამუშაო ბევრია ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მხრივ. თანამშრომლობის სფეროები მოიცავს ენერგეტიკას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, მეცნიერებასა და ინოვაციებს“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

„რუსეთს განვიხილავთ როგორც ღირებულ მოკავშირეს, ღირებულ მეგობარს, რომელიც დასაწყისიდანვე გვიჭერდა მხარს, იმ დროიდან, როცა აპართეიდის წინააღმდეგ ვიბრძოდით. ამიტომ, ნამდვილად დიდი პატივია აქ ყოფნა და იმის ცოდნა, რომ ყაზანში BRICS-ის ოჯახთან ერთად, მნიშვნელოვანი დისკუსიები გვექნება“, – განაცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ.

BRICS-ის სამიტი 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის შეხვედრები ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან, მათ შორის: სომხეთის, აზერბაიჯანის, პალესტინის, ვენესუელას, ლაოსის, ყაზახეთის, მალაიზიის, კონგოს, შრი-ლანკასა და ეთიოპიის ლიდერებთან. ამ სიიდან ეთიოპია გაერთიანების ახალი წევრია, რომელსაც ეს სტატუსი 2024 წლის 1-ელ იანვარს მიენიჭა. სამიტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ასევე ირანის ლიდერის, მასუდ ფეზეშქიანის, შეხვედრებზე იქნება მიმართული. უკრაინის ომთან დაკავშირებით ანკარის შედარებით ნეიტრალური პოზიციისგან განსხვავებით თეირანი მოსკოვს ღიად უჭერს მხარს, არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამხედრო კუთხით, დრონებისა და რაკეტების მომარაგებით.

წლევანდელი სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშსაც შეხვდება. დაზუსტებით უცნობია, რაზე ისაუბრებენ ლიდერები, თუმცა პოლიტოლოგების ვარაუდით, განიხილება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მოგვარების გზები.

გაერთიანება BRICS 2009 წლის 16 ივნისს დაფუძნდა და 9 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. მისი შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დასავლური პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ალიანსებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend