წინასაარჩევნო სამთვიან პერიოდში, ივლის-სექტემბერში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ გვერდები თუ ყალბი ანგარიშები, რომელთა მთავარი მიმართულება ანტიდასავლური პროპაგანდა იყო. ამას კი სავარაუდოდ, ხელისუფლების სტრატკომის მიერ მართული Facebook-ისა და სხვა სოციალური მედიის გვერდები აკეთებდნენ. ასეთი შეფასებაა „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მიერ წარმოებული კვლევის ანგარიშში. სამოქალაქო ორგანიზაციამ სამთვიანი მონიტორინგის ფარგლებში ტრადიციულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოთქმული კომენტარები და სტატუსები შეისწავლა. როგორც მკვლევრები ამბობენ, განსაკუთრებით საწინააღმდეგო გზავნილები ეხებოდა საქართველოს პარტნიორებს, ევროკავშირსა და აშშ-ს, ხოლო რუსეთის მიმართ ამ გვერდებიდან მხარდამჭერი გზავნილები იწერებოდა. ასევე განსაკუთრებით გამოიკვეთა ლიბერალიზმის საწინააღმდეგო განცხადებები. განსაკუთრებული აგრესია კი ჰომოფობიურ გზავნილებში შეინიშნებოდა.
„დაკვირვებისას, გვხვდებოდა მრავალი სახის დარღვევა. იყო როგორც დისკრიმინაციული, ისე დეზინფორმაციული კამპანია. განსაკუთრებით ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებისა და ზოგადად ოპოზიციის მიმართ. ხშირად გადავაწყდით გაყალბებულ ციტატებსა და მანიპულაციურ ფოტო-ვიდეომასალას. სოციალური ქსელებზე დარეგისტრირებული ანონიმური გვერდების გარდა იმავე ხაზს მიყვებოდა ხელისუფლებასთან აფილირებული მედია. მცირე შემთხვევები იყო პირიქითაც, ხელისუფლების მისამართით“, – აცხადებს „მითების დეტექტორის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე მაიკო რატიანი.
კვლევის ნაწილში აღნიშნულია, რომ პარტიებიდან ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ გაავრცელეს. მათ მცირედით ჩამორჩება კრემლისტური ალტ-ინფო. „მედიის განვითარების ფონდში“ მიაჩნიათ, რომ ასეთი დეზინფორმაციული კამპანია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის საშიშ ტენდენციებს შეიცავს, რადგან ყალბი გზავნილები ქმნის მცდარ შეხედულებებს, რაც შესაბამისად მოქალაქეებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ხელს შეუშლის.
„მმართველი პარტია „ხალხის ძალასთან“ ერთად უსწრებს პრორუსულ ძალებს, ისეთს მაგალითად, როგორიცაა „ალტ-ინფო“ ანტიდასავლურ და დეზინფორმაციულ კამპანიაში. ეს არის ასეთი პირველი და მკაფიო შემთხვევა, როდესაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლება აშკარად ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა. ამის ნათელი მაგალითია ის შიში, რომლის დანერგვასაც ცდილობენ საზოგადოებაში, როგორებიცაა ომი, არჩევნებში ჩარევა და ჰომოფობიური საკითხები. ეს ყველაფერი არის ძლიერი მანიპულირება საზოგადოების, რაც თავის მხრივ არჩევნებში შესაბამისი შედეგის მიღების მიზანს ემსახურება. ხშირად ამის ფორმები სცდება ეთიკურ ნორმებს და არ ჯდება დემოკრატიისთვის დამახასიათებელ ჩარჩოებში“, – აცხადებს „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) დირექტორი თამარ კინწურაშვილი.
მათივე დაკვირვებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოქტომბრის განმავლობაში ასეთი ქმედებები კიდევ უფრო გამძაფრდა, რაც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ქართულ დემოკრატიაზე დადებითად არ აისახება.
ალეკო გვეტაძე