„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეღო ევროკავშირის კარი საქართველოსთვის. გელოდებით, თუმცა ამ კარში თავად უნდა შემოხვიდეთ. ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს მოქალაქეებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია და ეს ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებზე ბრიუსელის პასუხია.
„4 დღეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ხმა მისცეთ და თქვენი მომავალი მთავრობა აირჩიოთ. არჩევნები დემოკრატიის ფესტივალია. ეს არის დღე, როცა ყველას შეუძლია გადაწყვიტოს საკუთარი და შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით არჩევნებზე, მიეცით ხმა და აირჩიეთ ხელისუფლება, რომელიც თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს წარმოადგენს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინკიმ.
პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა 20 ოქტომბრის მარშსაც და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს ევროპული მისწრაფების კიდევ ერთხელ დასადასტურებლად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ, უკეთეს მომავალს იმსახურებენ.
„გასულ კვირას თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა კიდევ ერთხელ ვნახე. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს სიამაყის, სიხარულისა და ბედნიერების დღე იყო. ქუჩაში უამრავი ადამიანი ვნახე, მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები, უკეთეს მომავალს იმსახურებენ. ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში. ისინი უკეთეს ცხოვრებას სხვაგან არ უნდა ეძებდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დარჩნენ, იცხოვრონ და იმუშაონ მათ მშვენიერ საქართველოში. როგორც იცით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია და ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგია“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა.
ევროკავშირის ელჩის განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი განცხადებით, ელჩის შეფასება რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო შეჩერდა, არაობიექტურია. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოწოდება პროპაგანდისტული ქმედება და საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.
„ევროკავშირის ელჩის შეფასება არ არის ობიექტური და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება უკავშირდება არჩევნებს, შემაშფოთებელია. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პაველ ჰერჩინსკიმ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, გულდასაწყვეტი და სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, მას შორდება. ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არჩევნებზე თითოეული ხმა მნიშვნელოვანია და არჩევნების გზით ქართველმა ხალხმა საკუთარი და შვილების მომავალი უნდა გადაწყვიტოს.