მთავარისაქართველოსაერთაშორისო კრიტიკის ფონზე “ოცნება” ვეტოს დასაძლევად ემზადება

საერთაშორისო კრიტიკის ფონზე “ოცნება” ვეტოს დასაძლევად ემზადება

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აკრიტიკებენ. პარტნიორები საქართველოს თითქმის ყოველ დღე მოუწოდებენ და სთხოვენ, ნუ ჩამოშორდება ევროინტეგრაციის გზას. ისინი ფიქრობენ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ.

„ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

„ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისა და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს, რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენს სოზარ სუბარმა ღია წერილითაც მიმართა. ყოფილმა სახალხო დამცველმა და „ხალხის ძალის“ დეპუტატმა აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, თქვენ გსურთ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა ისე, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს თქვენ მიერ მხარდაჭერილ “ენჯეოებსა” თუ პოლიტიკურ პარტიებს. სწორედ მათი ხელით გსურთ ქვეყანაში მორჩილი “მმართველების” მობრუნება, მაგრამ როდესაც იდეას, კეთილია ის თუ ბოროტი, მასების მხარდაჭერა არ აქვს, იგი ჩანასახშივე განწირულია. ამ ყველაფერთან ერთად მსურს თქვენი განცხადებაც გავიხსენო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა, როგორც შიდა სამსახურებრივი ბრძანება და რომელსაც თქვენი ხელმოწერა „ამშვენებს“ – თქვენ თანამშრომლებს მოუწოდეთ, თავი შეიკავონ ისეთი „პრობლემური“ ტერმინების გამოყენებისგან, როგორებიცაა: „დედა“, „მამა“, „ქმარი“, „ცოლი“, „ბიჭი“, „გოგო“. სიმართლე გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში ვერავინ გაიგო, რატომ შეიძლება პრობლემური ეწოდოს დედას ან მამას…

ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში მყოფი უმაღლესი თანამდებობის პირისგან არაფერი მოულოდნელი აღარ არის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში თანაბრად მიუღებელია ქართული კანონის თქვენეული კრიტიკა და თქვენი ღია ჩართულობა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში. კარგად გახსოვდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კაცი კაცია, ხოლო ქალი – ქალი, დედას დედა ჰქვია, ხოლო მამას – მამა და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის…“ – წერს სოზარ სუბარი.

მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას შეძლებს.

„რაც შეეხება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განმარტება გაკეთდა მმართველი გუნდის მხრიდან და ერთადერთი, რასაც ამ სიტუაციაში დავამატებდი არის ის, რომ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს რთული გეოპოლიტიკური ვითარება და რომელიც ამ ყველაფრის მიუხედავად მიიწევს წინ ნატოსა და ევროკავშირისკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომ ლეგიტიმური გზებით მოაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული უცხოური გავლენის შესახებ და გაუზიაროს საზოგადოებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ხელისუფლების ოპონენტები არ ეთანხმებიან ხელისუფლების მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიუხედავად, საქართველო მაინც შეძლებს განაგრძოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ. საერთაშორისო პარტნიორების კვალდაკვალ ისინი კიდევ მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო.

„ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მთელი საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო მიუთითებს „ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ ეს კანონი არის საქართველოს დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის საწინააღმდეგო. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, განსაკუთრებით ასეთი მაღალი თანამდებობის პირის, ნიშნავს იმას, რომ თუ ამ კანონს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, ანუ გადალახავს ვეტოს, იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში უპირველესად, საქართველო ზარალდება – არ გაგვეხსნება მოლაპარაკებები; დავაზიანებთ აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს ყველაფერი იქნება „ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ახლა მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 28 მაისს დაძლევენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend