ავტორიტარული და დემოკრატიული ძალების დაპირისპირება, რუსეთ -უკრაინის ომი, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის საკითხები, სხვა გლობალური და შიდა გამოწვევები – ამ საკითხებზე ორი დღის განმავლობაში თბილისში მსჯელობენ.
ადგილობრივი და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, საერთაშორისო კონფერენცია იმართება სახელწოდებით – “შეტევა დემოკრატიაზე: რადიკალიზაციის დინამიკა და ახალი მსოფლიო წესრიგი”.
კონფერენციის ქართველი ორგანიზატორები „საქართველოს უნივერსიტეტიდან“, ასევე უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრიდან (UGSPN) ამბობენ, რომ 2024 წელი გლობალური მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებების მოლოდინშია.
ამ წელს სამოცდათვრამეტ ქვეყანაში სხვადასხვა დონის არჩევნები ჩატარდება, რაც მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება დემოკრატიული ქვეყნებისთვის და საგრძნობლად შეცვლის გლობალური პოლიტიკის დინამიკას. ამ ფონზე კი, საქართველოს რეალობა უკიდურესი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშეა.
“ზოგადად, პრობლემები დემოკრატიასა და დემოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებაში, გამძაფრებულია მთელს მსოფლიოში. გამოწვევები საკმაოდ მკაფიოა. მსოფლიოს დემოკრატიებს ახლა უჭირთ გაუმკლავდნენ ყველა იმ პრობლემას, რაც ავტორიტარული რეჟიმების წყალობით დადგა რეალობაში. ახლა დემოკრატიებზე ერთგვარი შეტევა ხორციელდება. ამ გადმოსახედიდან, საქართველო არ არის გამონაკლისი. იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცე უფრო მოწყვლადია ასეთი შეტევების მიმართ. ასეთი შეტევები სწორედ რუსეთის მხრიდან ხორციელდება. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროინტეგრაციის გზაზე ვიმყოფებით“, – აცხადებს მოდერატორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ლაშა ძებისაშვილი.
ღონისძიების მოწვეული ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციებიდან აცხადებენ, რომ სულ უფრო ნათვლად იკვეთება რადიკალური ძალების და იდეების გაძლიერების ტენდენცია, რომელსაც ავტორიტარული და არალიბერალური ძალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი მმართველობის გასაძლიერებლად იყენებენ.
აღნიშნული ტენდენცია, საფრთხის ქვეშ აყენებს ინსტიტუციების, საზოგადოებების და სახელმწიფოების ეფექტიანი ფუნქციონირების პროცესს.
მოწვეული სტუმრები მოუწოდებენ და ურჩევენ საქართველოს, რომ არ გადაუხვიოს დემოკრატიული ღირებულებების და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყოვლად დაუცველი იქნება დამპყრობელი რუსეთისგან.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ახლა თავისი უახლესი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება. ეს მომენტი ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მსოფლიო ისტორიისთვისაც. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ეს კავშირები გამოკვეთილია მიმდინარე პროცესებით. ეს მტკივნეული პროცესები კი რუსეთმა სწორედ საქართველოდან დაიწყო 2008 წლის ომით. შემდეგ, 2014 წლიდან უკრაინაში შეჭრით და ყირიმის რეგიონის ანექსიით გაგრძელდა. 2022 წლიდან კი ყოვლად წარმოუდგენელ სამხედრო აგრესიას ვხედავთ. ის პროცესები, რაც თქვენი ქვეყნის შიგნით ახლა მიმდინარეობს, გასაგებია რომ გამოწვეულია რუსეთის ფაქტორით. თქვენი ქვეყანა რუსეთის წინაშეა. ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია კი ერთ-ერთი მთავარი გზაა რუსული გავლენებისგან თავის დაღწევის. ამიტომ, დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, – აცხადებს პორტუგალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოაო გომეს კრავინიო.
გლობალური პოლიტიკური საკითხების გარდა, კონფერენციაზე ცალკე პანელი დაეთმობა თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებული ფოკუსით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე.
ფინალური ნაწილში კი მოეწყობა „მრგვალი მაგიდა“, სადაც პოლიტიკოსები ისაუბრებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.
ანეტ მიქელაძე
ალეკო გვეტაძე