მთავარიამერიკაკუბარუსული ფლოტის ნაწილი ჰავანის პორტშია

რუსული ფლოტის ნაწილი ჰავანის პორტშია

ჰავანაში ასობით მოქალაქე შეიკრიბა რუსული სამხედრო გემის სანახავად. მათ საშუალება ჰქონდათ რუსული სამხედრო გემის, „ადმირალი გორშკოვის”, გემბანზე ასულიყვნენ და დეტალურად დაეთვალიერებინათ.

მათ გემის დათვალიერების უფლება რუსეთისა და კუბის მთავრობების შეთანხმების შედეგად მისცეს. ეს ფლაგმანი ატომურ წყალქვეშა გემსა და სხვა სამხედრო ხომალდებთან ერთად შევიდა ჰავანის პორტში.

ქალები, მამაკაცები და ბავშვები გრძელ რიგებში იდგნენ, რათა რუსულ სამხედრო ხომალდზე მოხვედრილიყვნენ. თუმცა იქ ვითარება ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ამას ადგილობრივები ხვდებიან. ამერიკელი ექსპერტების აზრით, რუსული სამხედრო გემების კარიბის ზღვაში ყოფნის რეალური მიზეზი სამხედრო მანევრებია, რომლებშიც სავარაუდოდ რუსულ ფლოტს კუბისა და ვენესუელის საზღვაო ძალებიც შეუერთდებიან.

კარიბის ზღვაში რუსული გემების შესვლის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება და მეგობარ კომუნისტურ ქვეყანას საგარეო პოლიტიკა შეუქო.

რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი” შევიდა ჰავანის პორტში, კუბა, 12 ივნისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ariel Ley

„მადლობელი ვართ ჩვენი კუბელი მეგობრების პრინციპული პოზიციისთვის უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჰავანა თავიდანვე სწორად აფასებდა მოვლენებს და ხვდებოდა დასავლეთის ზრახვებს. ჩვენ ამისთვის მადლობლები ვართ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ორ კვირაზე ნაკლებია გასული მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, გამოიყენოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე, თუმცა მხოლოდ ხარკივის დაცვის მიზნით. მოსკოვის გადაწყვეტილება კი კარიბის ზღვაში სამხედრო ფლოტის ნაწილის გაგზავნის შესახებ სწორედ ამ ამბის შემდეგ გადაწყდა. ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე დასავლელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგები.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ კუბაში რუსული ფლოტის გამოჩენა ვაშინგტონისთვის საფრთხის შემცველი არ არის.

„ჩვენ ვნახეთ რუსეთის საზღვაო ძალების განლაგება კუბაში ბუშის, ობამასა და ტრამპის ადმინისტრაციების დროსაც. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, თუმცა კრემლის მსგავსი ქმედებები წარსულშიც ნანახი გვაქვს და ამჯერადაც, იმავე შედეგს ველოდებით…“ – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

2008 წლიდან მოყოლებული რუსული გემები პერიოდულად ჩერდებიან ჰავანის პორტში. 2015 წელს სადაზვერვო და საკომუნიკაციო ხომალდი გამოუცხადებლად ჩავიდა ჰავანაში, როცა მეორე დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბის ოფიციალურ პირებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღმდგარიყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა AP-ის განუცხადა, რომ რუსული ფლოტის შესვლა კუბაში არის „რუტინული საზღვაო ვიზიტი“, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდა კარიბის ზღვაში რუსეთის მიერ ინიციირებული საზღვაო წვრთნების მთავარი მიზეზია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend