მთავარისაქართველოპროტესტის მონაწილეთა ჩხრეკა, გამოკითხვა და დაკავება

პროტესტის მონაწილეთა ჩხრეკა, გამოკითხვა და დაკავება

პირველი თებერვლის დილიდან სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს პოსტების გამოქვეყნება, რომ სახლებში სამართალდამცველებმა მიაკითხეს და ითხოვდნენ დაუყოვნებლივ გაეღოთ კარი ჩხრეკის ჩასატარებლად. მათივე ცნობით, პოლიციამ უთხრა, რომ თუ კარს არ გააღებდნენ, სახლებში სპეციალური ღონისძიებების გამოყენებით შევიდოდნენ.

რამდენიმე საათში კი ცნობილი გახდა, რომ საცხოვრებლის ჩხრეკის შემდეგ დააკავეს პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ისაკო დევიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ისაკო დევიძის დედამ მედიასთან განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მათი სახლიდან წაიღეს სამუშაო კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და ფული.

ჩხრეკის შემდეგ გამოკითხვაზე გადაიყვანეს კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი, ილია ღლონტიც, რომელიც რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს ამოიღეს თუ არა რომელიმე მათგანის სახლიდან რაიმე სახის მტკიცებულებები ან კანონსაწინააღმდეგო ნივთები.

პირველ თებერვალს პოლიცია მივიდა პროტესტის კიდევ ერთ აქტიურ მონაწილესთან და სოციალურ ქსელში პოპულარული ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთ შემქმნელთან, ქრისტინე ბოტკოველთან (ნენსი ვოლანდი). ის საცხოვრებლის ჩხრეკის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ქრისტინე ბოტკოველს პოლიცია გამოკითხვაზე წასვლას აიძულებდა.

პროტესტის მონაწილეები და თავად ის სამოქალაქო აქტივისტები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დღეს, პირველ თებერვალს გაჩხრიკეს, დღევანდელ საპოლიციო ღონისძიებებს უკავშირებენ 2 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას. მოქალაქეების ნაწილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საავტომობილო კვანძის ბლოკირებას გეგმავენ. პროტესტის მონაწილეთა განცხადებით, მათ სურთ დედაქალაქში შემოსასვლელი ერთ-ერთი მაგისტრალი გადაკეტონ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება აფრთხილებს დემონსტრანტებს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით.

„სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend