15 თვის განმავლობაში ღაზაში მცხოვრები ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ, რადგან ომის შედეგად სკოლების უმეტესობა ან განადგურდა ან თავშესაფრად გადაკეთდა.
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის დაწყებული ომის გამო ასობით ათას ბავშვს მინიმუმ ერთი აკადემიური წელი გაუცდათ. იანვარში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ხელისუფლება მთელ ღაზაში ათობით სკოლის აღდგენას ცდილობს.
ხან-იუნისის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოჰამედ ალ-ასული ამბობს, რომ ხალხი, ფაქტობრივად, ნანგრევებში ცხოვრობს.
თუმცა ხელისუფლება მაინც ცდილობს, საგანმანათლებლო პროცესისთვის გადაარჩინოს ის, რისი გადარჩენაც შეიძლება, რომ ეს თაობა ხელიდან არ წავიდეს. მათ უკვე შეძლეს რამდენიმე სკოლის გახსნა, რათა მოსწავლეები ჩაირიცხონ და დაუბრუნდნენ სწავლას.
გასულ წელს 39000-მა მოსწავლემ ვერ შეძლო სასკოლო განათლების ბოლომდე მიღება. ზოგიერთი ბავშვი ომის დროს სწავლას ონლაინრეჟიმში აგრძელებდა.
დევნილი რაფაჰიდან ნესმა ზარუბი ამბობს, რომ ბავშვების მომავალი დანგრეულია. ომის დაწყების შემდეგ ძალიან დაზარალდნენ. ეს ეხება ზოგადად განათლებასაც. ადრე სკოლები იყო და ბავშვებს გაკვეთილებს მასწავლებლები უტარებდნენ. ახლა კი სკოლები აღარ არის, რადგან თითქმის ყველა ოკუპაციის შედეგად დაინგრა.
გაეროს ბავშვთა სააგენტო UNICEF-ის ინფორმაციით, ღაზაში სკოლის 564 შენობიდან 95%-ზე მეტი დაზიანებულია, დაახლოებით 88 პროცენტი მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას საჭიროებს.