12 მარტს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ. რეზოლუციაში საუბარია სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელმაც კულმინაციას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაღწია.
რეზოლუციის თანახმად, არჩევნების შემდეგ პარლამენტმა კონსტიტუციის დარღვევით გადაწყვიტა, გაემართა დამფუძნებელი სხდომა, აირჩიეს თავმჯდომარე და სხვა ორგანოები, ასევე პრეზიდენტი, რამაც პოლიტიკური კრიზისი კონსტიტუციურ კრიზისად აქცია.
დოკუმენტში საუბარია 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განხადებაზეც და აღნიშნულია, რომ ამით დაირღვა წინასაარჩევნო დაპირება და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი.
რეზოლუციის მიხედვით, პროტესტის ტალღას, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა, ხელისუფლებამ დაუპირისპირა სისტემატური დაპატიმრება და დაშინება, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან სასტიკი ძალადობა, მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების ფეხქვეშ გათელვა, მედიისა და არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური ოპოზიციის მასშტაბური შევიწროება.
სენატის კომიტეტი გმობს ქვეყანაში მასობრივ რეპრესიებსა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. სენატის კომიტეტი ჩეხეთის მთავრობას რეკომენდაციას უწევს, მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მათი სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენა, არადემოკრატიული კანონების გაუქმება, რომლებიც გავლენას ახდენს მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სიტყვის თავისუფლებაზე.