მთავარიბიზნესიოქროს ფასი ახალ რეკორდს აღწევს

ოქროს ფასი ახალ რეკორდს აღწევს

ოქროს ფასმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია, მაშინ, როცა გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე ფონდების ბაზარი და ნავთობის ფასები შემცირდა.

გაურკვევლობის გამო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორებს რისკიანი აქტივების ნაცვლად უსაფრთხო ინვესტიციებში თანხის ჩადება ურჩევნიათ.

ოქროს ფასის რეკორდული ზრდა

ხუთშაბათს, Comex-ის ოქროს ფიუჩერსების ფასი 1.5%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად $3,000 (€2,764) უნციას გადააჭარბა. სპოტფასმა 1.9%-იანი ზრდით $2,988 (€2,752)-ს მიაღწია, რაც კიდევ ერთი ისტორიული რეკორდია.

ოქრო ტრადიციულად უსაფრთხო აქტივად მიიჩნევა, ის ბოლო თვეებში კიდევ უფრო  გამყარდა. 2024 წლის განმავლობაში მისი ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა, რასაც ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკური რისკები, დოლარის ფასის შემცირება და ცენტრალური ბანკების მიერ აქტიური შესყიდვები.
 
უსაფრთხო აქტივების მოთხოვნის ზრდა

უსაფრთხო აქტივების, მათ შორის ოქროს, მოთხოვნამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე მკვეთრად მოიმატა.დაძაბულობა ტრამპის ახალი ტარიფებისა და სავაჭრო კონფლიქტის გამწვავების გამო კიდევ უფრო იზრდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25%-იანი ტარიფები დააწესა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე, რასაც კანადისა და ევროკავშირის საპასუხო სანქციები მოჰყვა. მან ასევე ევროკავშირის ღვინისა და ალკოჰოლურ სასმელებზე 200%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მოჰყვა ევროკავშირის გეგმას ამერიკული ვისკის დაბეგვრის შესახებ.

სავაჭრო ომის გამწვავება გლობალურ ინფლაციას აძლიერებს, ხოლო მაღალი ტარიფები და დეგლობალიზაცია მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას ანელებს. სავაჭრო დაძაბულობის გაღრმავება სტაგფლაციის (ინფლაციისა და ეკონომიკური ვარდნის ერთდროული არსებობის) რისკს აჩენს, რაც ტრადიციულად ოქროს, როგორც ღირებულების შემნახველი აქტივის, ზრდას უწყობს ხელს.

დოლარის გაუფასურება

გარდა ამისა, დოლარის გაუფასურება და ფედერალური სარეზერვო ბანკის შესაძლო საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინი ასევე ზრდის ოქროს ფასს.

აშშ დოლარის ინდექსი (DXY), რომელიც დოლარის ღირებულებას სხვა ვალუტების მიმართ ზომავს, 5%-ით შემცირდა იანვრის პიკთან შედარებით. ინფლაციის შენელების ფონზე, ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა შესაძლოა ივნისში საპროცენტო განაკვეთი შეამციროს, რაც ინვესტორებს დოლარისგან სხვა აქტივებში გადასვლას აიძულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend