მთავარისპორტივილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს

ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს

პორტუგალიასთან დაპირისპირებამდე 1 დღე რჩება. ხვალ, 26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის დროით 23:00 საათზე პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს, 25 ივნისს, მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართეს და მოსალოდნელ დაპირისპირებაზე ისაუბრეს. პრესკონფერენციის ბოლოს ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ ბუდუ ზივზივაძემ, შესაძლოა, ხვალ ითამაშოს.

„თქვენ იცით, რომ ბუდუ ჩვენი გუნდის ნაწილია. მან თურქეთთან რამდენიმე წუთი ითამაშა. ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ კი განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე, პორტუგალიასთან თამაშის სასტარტო შემადგენლობა კი ჯერ არ დაგვიყენებია. ბევრი ჩემ გადაწყვეტილებებს პოლიტიკასთან აკავშირებს, მაგრამ ამ ყველაფრისგან მე ძალიან შორს ვარ. გადაწყვეტილებებს მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე ვიღებ! 6-7 თვის წინ, როცა მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ზივზივაძეს ვათამაშებდი, მაკრიტიკებდნენ, ახლა კი, ყველაფერი პირიქით ხდება. ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე, აღარ შემიძლია ამის მიღება, პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, ბოდიში ამ ტონისთვის, მაგრამ ეს საკითხი ცუდ განწყობაზე მაყენებს. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ! ”-განაცხადა ვილი სანიოლმა.

„რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, ვიდრე პორტუგალია, რადგან ჯგუფიდან ისინი უკვე გავიდნენ. ჩვენთვის კარგი გამოცდილებაა ასეთ ნაკრებთან მსგავს ტურნირზე თამაში. ალბათ, ბევრს არ სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს. ჩემი აზრით, ყველაფერი შესაძლებელია, 1% შანსიც უნდა გამოიყენო და ამისთვის ყველაფერი გააკეთო. ჩვენც მაქსიმალურად ვემზადებით და უნდა ვეცადოთ, რომ ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია და მზად ვართ. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“, – თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის ჯგუფში 1 ქულა აქვს. პორტუგალიასთან მოგების შემთხვევაში, 4 ქულით ჩვენი ნაკრები აუცილებლად გავა ჯგუფიდან, წაგების შემთხვევაში კი 1 ქულით ჯგუფში ჩარჩება.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი შანსი – იმ შემთხვევაში, თუ ნაკრები პორტუგალიასთან ფრეს ითამაშებს და თან ამავდროულად დანია მოუგებს სერბეთს, ინგლისი მინიმუმ 3 ბურთით დაამარცხებს სლოვენიას და თურქეთი მოუგებს ჩეხეთს, 2 ქულით საქართველოს ნაკრები საუკეთესო ოთხ მესამე ადგილოსანს შორის მოხვდება და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გადალახავს, რაც კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend