საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების 28-ე დღეა. ქვეყნის მასშტაბით დღის განმავლობაში ათობით აქცია იმართება.
პროტესტის ეპიცენტრი ისევ თბილისია, სადაც დღესაც სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლებმა არაერთი მსვლელობა გამართეს.
რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მოქალაქეები შეიკრიბნენ და მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტთან. “ერთობის მარში”-ასე დაარქვეს მათ ამ დემონსტრაციას.
“ქალების მარში საქართველოსთვის”- ამ სახელწოდებით დღეს ქალთა მარში გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეები, თბილისის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ჯერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლეს. აქციაზე შეიკრიბნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალები, რომელთაც თან ჰქონდათ სხვადასხვა ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მათ განაცხადეს, რომ აქვთ ორი ძირითადი მოთხოვნა – ეს არის ხელახალი არჩევნები და საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება. თბილისის გარდა, ქალთა მარშები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
მსვლელობებისა და მარშების კიდევ ერთი კერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი იყო, საიდანაც ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლებისა და შვედეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა მარში გაიმართა.
მათ ასევე შეუერთდა ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა მსვლელობა და საბოლოოდ ყველამ ერთად საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლა.