სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე, სამხედროები, რომლებიც პარალელურად რუსეთის ჯარს უწევენ წინააღმდეგობას, შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინელ ჯარისკაცებს სახლიდან მოშორებით ყოფნა უკვე თითქმის სამი წელია უწევთ.
ეს დღესასწაული ომში მყოფთათვის იმედის მომტანია. მათ სწამთ, რომ ერთ დღეს მშვიდობა დამყარდება.
უკრაინელები ფიქრობენ, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინაპირობა იქნება. ბევრ ჯარისკაცსაც, რომლებიც თითქმის სამი წელია იბრძვიან, იმედი აქვთ, რომ ეს ვარაუდი გამართლდება.

„ჩვენ ვართ საშინელ ომში, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გადაღლილობისა და იმის გამო, რაც ხდება, სიტუაცია ხშირად ძალიან რთულია, ზოგჯერ კი – უიმედო. მაგრამ დღეს, ამ დღესასწაულზე – ყველამ უნდა ვიწამოთ, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც სძლევს ღმერთს, რადგან არ არსებობს არც პრეზიდენტი, არც არმია ან იარაღი, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ის, ვინც ღმერთთან ახლოსაა“, – ამბობს ფრონტის ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცი.
უკრაინის ფრონტზე უამრავი საფრთხეა. უკრაინელი ჯარისკაცებისთვის შობის დღესასწაულზე ლოცვა და სანთლების ანთება ერთგვარი იმედია, რომ მალე დასრულდება რუსეთის აგრესია.