კატეგორიები

ყირიმის ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ჩაინგრა უკრაინული იერიშების შედეგად

ყირიმის ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ჩაინგრა უკრაინული იერიშების შედეგად
მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმისა და რუსეთის ტერიტორიის დამაკავშირებელი ხიდი კვლავ უკრაინელთა დარტყმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

მიუხედავად კრემლის მრავალი მცდელობისა, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მოაქციოს ანექსირებული ყირიმის ხიდი, უკრაინული ძალები მაინც წარმატებით ახერხებენ მოსკოვისთვის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური დერეფნის მწყობრიდან გამოყვანას.

ქერჩზე გამავალი საავტომობილო და სარკინიგზო კონსტრუქცია მორიგ ჯერზე გახდა კიევის სამიზნე, ამჯერად FP-5 Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.

შედეგად, ჩანგრეულია საავტომობილო გზის სექცია, რომელიც წყალქვეშ მოექცა. ასევე, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ხიდის სარკინიგზო ნაწილი და ერთ-ერთი თაღი.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, სრულადაა შეჩერებული საავტომობილო და სარკინიგზო გადაადგილება, ასევე ნაოსნობა.

ქერჩზე გამავალი ხიდი წარმოადგენს ძირითად ლოგისტიკურ ჯაჭვს რუსული საოკუპაციო არმიისთვის, რომელიც სრუტის ერთი მხრიდან მეორე მიმართულებით აუცილებელი სამხედრო რესურსით მარაგდება.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, კიევის მიზანი ამ სატრანსპორტო არტერიის გაწყვეტა და ანექსირებული ნახევარკუნძულის ბლოკადაში მოქცევაა.

„განხორციელდა მასშტაბური დრონებით შეტევა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები კვლავაც ძალიან ეფექტიანად მუშაობს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სისტემა, რომელსაც მსგავსი მასშტაბური თავდასხმებისგან სხვადასხვა ობიექტის 100%-იანი დაცვა შეუძლია.

მიუხედავად ამისა, საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო მოსამსახურეების გმირული ძალისხმევის დამსახურებაა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

საპასუხოდ, მოსკოვმა იერიშები მიიტანა უკრაინის დედაქალაქში, მდინარე დნიპროზე არსებულ ორ ხიდზე.

კიევის სატრანსპორტო დერეფნები პირველად არ ხდება რუსული საოკუპაციო არმიის იერიშების სამიზნე.

„მტრის მიერ განხორციელებული ბალისტიკური შეტევის შედეგად დედაქალაქში ორი ხიდი დაზიანდა. ამჟამად სპეციალისტები ჩრდილოეთ ხიდის კონსტრუქციას ამოწმებენ და დაზიანების ხარისხს აფასებენ.

მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შევძლებთ ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენას.

სამხრეთ ხიდზეც მიმდინარეობს დაზიანების მასშტაბისა და აუცილებელი სამუშაოების შეფასება. ამ დროისთვის მოძრაობა ორივე ხიდზე შეზღუდულია.

მუნიციპალური სამსახურები უკვე მუშაობენ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სატრანსპორტო მოძრაობა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

ამავდროულად, ყურადღების ცენტრში მოექცა ბრიუსელი, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა.

დიპლომატებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ სიაში დამატებით 30 ფიზიკური პირისა და 2 ორგანიზაციის შეყვანაზე, რომლებსაც ბრიუსელი რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებულად მიიჩნევს.

ახალი შეზღუდვები დაუწესდათ კრემლის პროპაგანდისტებსაც, რომელთა შორის მოხვდნენ რუსეთის პირველი არხის წამყვანი ვიტალი ელისეევი, ასევე ჟურნალისტი პიოტრ მარჩენკო, უკრაინული წარმოშობის სამხედრო ბლოგერი იური პოდოლიაკი და RT International-ის ერთ-ერთი წამყვანი სახე ჩეი ბოუზი.

ყველა მათგანს ევროპული მხარე ბრალს სდებს „ინფორმაციის მანიპულირებასა და იმგვარი ნარატივების გავრცელებაში, რომლებიც მხარს უჭერენ ან ლეგიტიმაციას ანიჭებენ უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას“.

ცალკე სანქციები დაუწესდა პრორუსულ ჰაკერულ დაჯგუფება NoName057, რომელიც ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს ჯგუფი პასუხისმგებელია მრავალრიცხოვან კიბერშეტევებზე ევროკავშირის ქვეყნებში, უკრაინასა და აშშ-ში მდებარე სახელმწიფო დაწესებულებების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და კერძო კომპანიების წინააღმდეგ.

ასეთი თავდასხმების სამიზნეებს შორის სახელდება ენერგეტიკის, ფინანსური და სატრანსპორტო სექტორები, წყალმომარაგების ობიექტები, ასევე საარჩევნო კამპანიების მონაწილეები.

სანქციების პარალელურად, გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა რუსული აგრესიის შესაკავებლად. მართალია, მოსკოვი ეწინააღმდეგება მოლაპარაკებების პროცესში ევროპელების ჩართულობას, თუმცა სხვა აზრზე არიან კიევსა და ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქებში - ომი ევროპულ კონტინენტზეა, ამიტომ მისი გამოთიშვა მრგვალი მაგიდიდან რეალობას აცდენილია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 16 ნოემბერს შედგა კიდევ ერთი კომუნიკაცია აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებთან და დაიგეგმა მომდევნო სამშვიდობო მოლაპარაკებებიც, რომლებიც ბერლინში უნდა შედგეს, „მსურველთა კოალიციის“ ფორმატში.

„პირველად ამ დისკუსიაში ევროპა წარმოდგენილი იყო სრული შემადგენლობით იმ ძალებისა, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და პოლონეთის წარმომადგენლები, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ნატოს წარმომადგენელი.

დისკუსია რთული იყო, თუმცა შედეგი მიღწეულია. ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, კვლავ შევხვდებით და მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტულ ერთობლივ ნაბიჯებზე შევთანხმდებით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა ანგარიში რუსეთის სარაკეტო გეგმების შესახებ, მათ შორის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წარმოების თაობაზე. წარმოების ის მასშტაბები, რომლებსაც რუსეთი გეგმავს, მშვიდობიან მიზნებს ნამდვილად არ ემსახურება.

სამწუხაროდ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგანაც იღებს სულ უფრო მეტ ბალისტიკურ რაკეტას - თვეში ათეულობით რაკეტას. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და არა მხოლოდ უკრაინისთვის. თუ რუსეთს ჰყავს მოკავშირე, რომელიც მას ბალისტიკური რაკეტებით ამარაგებს, მაშინ უკრაინასაც სჭირდება მკაფიო პარიტეტი, რათა რუსეთის საფრთხეს თანაბარ პირობებში უპასუხოს.

ევროპას აქვს ისეთი რაკეტები, რომლებსაც მართლაც ეფექტური დარტყმების განხორციელება შეუძლიათ. გერმანიასთან, საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსა და იტალიასთან ერთად განვიხილავთ, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის გლობალურ ბანდიტიზმს, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე ფხენიანში. ამისთვის აუცილებელია უკრაინისთვის შესაბამისი შესაძლებლობების მქონე შეიარაღების მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიევში თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და პარტნიორების დახმარების აუცილებლობაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ცივი ამინდების მოახლოებასთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულად ჯერ შემოდგომაა, უკრაინის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა ღამით 0 გრადუსამდე ეცემა. ამ დროს ომში მყოფი სახელმწიფოს პრიორიტეტია ენერგოსექტორის დაცვა და ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების სწრაფი აღმოფხვრა.

უკრაინის უმსხვილესი ენერგოკომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების მასშტაბი და სიმძლავრე, ფაქტობრივად, გაორმაგდა.

კრემლის საოკუპაციო ძალების თითქმის ყოველდღე ბომბავენ ენერგეტიკულ ობიექტებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

კიევსა და სხვა რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო და ზოგიერთ ადგილას დღემდე 10-12 საათს გრძელდება.

ზოგჯერ რუსული თავდასხმების შემდეგ მთელი ქალაქები და რაიონები რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ენერგეტიკული ობიექტები დაცულია, მათ შორის სახელმწიფოს მიერ აშენებული დამცავი ნაგებობებითაც, თუმცა თავდასხმისგან სრულად დაცვა შეუძლებელია, როდესაც მოწინააღმდეგე ერთდროულად უშვებს შვიდ ბალისტიკურ რაკეტას, ოცდაათ ფრთოსან რაკეტასა და ათობით დრონს.

დაკავშირებული ამბები
ყირიმის ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ჩაინგრა უკრაინული იერიშების შედეგად Starlink-ზე შეზღუდვების ფონზე, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა