ესპანეთის დაზვერვის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მაროკოს ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გამოიწვია და დაგეგმა მიგრანტთა კრიზისი, რა დროსაც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, ესპანურ ანკლავში ათიათასობით პირი შეიჭრა.
გასაჯაროვდა 9-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ქალაქ სეუტაში განვითარებული მოვლენების საქმეზე მომუშავე მოსამართლემ სამართალდამცავი სტრუქტურებისგან გამოითხოვა.
ანგარიშში „საზღვრის გარღვევის მიზნით ადამიანების მობილიზების მთავარ ინსტრუმენტად“ სოციალური ქსელებია დასახელებული.
CNI აცხადებს, რომ „შეუძლებელია დადასტურდეს როგორც ერთიანი ორგანიზატორის არსებობა, ისე გამოვლენილი კოორდინატორების კავშირი მაროკოს სახელმწიფო აპარატთან“.
ესპანეთის დაზვერვის დასკვნები ეწინააღმდეგება იმ ჟურნალისტური გამოძიებების ნაწილს, რომლებიც კრიზისის დღეებში და მის დასრულებისთანავე ჩატარდა.
ზოგიერთმა მიგრანტმა მედიასაშუალებებს, მათ შორის The New York Times-ს, განუცხადა, რომ მაროკოს მესაზღვრეები, სავარაუდოდ, არა მხოლოდ არ უშლიდნენ ხელს საზღვრის მასობრივ გარღვევას, არამედ ადამიანებს გზის გაგრძელებისკენაც უბიძგებდნენ.
CNI-ის ანგარიში გამოქვეყნდა სამი თვის შემდეგ, რაც ესპანეთის კიდევ ერთმა ძალოვანმა უწყებამ - ეროვნული პოლიციის იმიგრაციისა და საზღვრების საკითხთა ცენტრმა განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერებისა და ათობით მიგრანტის ჩვენების საფუძველზე კონკრეტული მაროკოელი სამართალდამცველებისა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ოფიციალური პირების იდენტიფიცირება შეძლო.
პოლიციის ვერსიით, მაროკოელი ჟანდარმები და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული აგენტები უბრალოდ უმოქმედოდ კი არ იყვნენ, არამედ ადამიანთა ნაკადებს საზღვრისკენ მიზანმიმართულად მიმართავდნენ.
როგორც ანგარიშშია განმარტებული, რაბათის მხრიდან კოორდინაციის არარსებობა არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერი იცოდა.
დოკუმენტის თანახმად, „ცალკე საკითხია, რამდენად ინფორმირებული იყო მაროკოს ხელისუფლება იმ მასშტაბური მოწოდებების შესახებ, რომლებიც ადამიანებს სეუტაში შესვლისკენ უბიძგებდა“.
ესპანეთის მთავრობის მიერ სექტემბრის დასაწყისში გასაჯაროებული რამდენიმე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო დაზვერვა მაროკოელ კოლეგებს დაუკავშირდა და საზღვარზე შექმნილი ვითარების შესახებ მასობრივი შტურმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გააფრთხილა.
მოვლენების განსხვავებული შეფასება წარმოადგინა სამოქალაქო გვარდიამაც.
უწყებამ მოსამართლეს მომხდარის საკუთარი ვერსია წარუდგინა და განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფრთხის რეალური მასშტაბის შესაფასებლად საკმარისი არ იყო.
ამასთან, სამოქალაქო გვარდიამ აღიარა, რომ მაროკოს მხრიდან „აღებულ ვალდებულებებსა და შეკავების შესაძლებლობაზე“ იყო დამოკიდებული.
