რობერტ პატინსონი შემდეგ ჯეიმს ბონდად დასახელდა. იგი დენიელ კრეიგს ჩაანაცვლებს და გახდება რიგით მეშვიდე მსახიობი, რომელიც აგენტ 007-ის როლს მოირგებს.
40 წლის ბრიტანელი მსახიობი ხანგრძლივი ძიების შედეგად შეარჩიეს. გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატებს შორის იყვნენ კალუმ ტერნერი, ჯეკ ლაუდენი, ჯოშ ო’კონორი და ნიკოლას ჰოლტი.
პატინსონი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჰარი პოტერის და Twilight-ის ფილმებით.
მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო როგორც დამოუკიდებელ კინოპროექტებში, ისე მასშტაბურ ბლოკბასტერებში, როგორიცაა „ტენეტი“. გარდა ამისა, ის ასრულებს ბეტმენის როლს მეტ რივზის ფილმებში და ამჟამად სერიის გაგრძელებაზე მუშაობს.
ბონდის შესახებ მომდევნო ფილმის რეჟისორი დენი ვილნევი იქნება, სცენარს კი სერიალ Peaky Blinders-ის შემქმნელი სტივენ ნაიტი დაწერს.
ფილმის პროდიუსერები იქნებიან ემი პასკალი და დევიდ ჰეიმანი, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერის პოზიციას ტანია ლაპუენტი დაიკავებს.
პატინსონის თქმით, 007-ის როლის მინდობა მისთვის ცხოვრების უდიდესი პატივია.
დენი ვილნევმა აღნიშნა, რომ მსახიობს პერსონაჟისთვის ახალი სული შემოაქვს.
გადაღებები, სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება, ხოლო ფილმის გამოსვლა, ყველაზე ადრე, 2028 წლისთვის იგეგმება.
ეს იქნება ბონდის შესახებ პირველი ფილმი, რომელიც Amazon MGM-ის სრული შემოქმედებითი კონტროლის ქვეშ შეიქმნება; მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში, ფრენჩაიზს ბროკოლების ოჯახი ხელმძღვანელობდა.
