კატეგორიები

კავშირების განახლებისთვის ევროკავშირი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოითხოვს

კავშირების განახლებისთვის ევროკავშირი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოითხოვს
ევროკავშირი გეგმავს პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები და ასოცირების შეთანხმება განაახლოს სირიასთან, თუმცა ამისთვის დამასკოსგან სავალდებულო წინაპირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს.

ევროგაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, პირობებს შორის განისაზღვრა ადამიანის უფლებების დაცვის მკაფიო სტანდარტების განსაზღვრა, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაწვევა და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილებების გადახედვა, რომლებითაც დამასკომ თბილისისა და კიევის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.

კაია კალასის თქმით, სირიასთან „ასოცირების შესახებ“ მოდერნიზებული შეთანხმების ფარგლებში, ორივე ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების საკითხს ევროკავშირი დღის წესრიგში დააყენებს და ამ მხრივ, ბრიუსელის პოზიცია არ შეიცვლება.

„აუცილებელია არაღიარების პოლიტიკის დაცვა საქართველოსა და უკრაინის იმ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რომლებიც მათ ასადის რეჟიმის პირობებში აღიარეს, ისევე როგორც აუცილებელია წევრი სახელმწიფოების მიერ შემოთავაზებული სხვა საკითხების გათვალისწინება. ამჟამად სამუშაო ჯგუფებში ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე ვმუშაობთ, თუმცა ამ მიმართულებით წინ მივიწევთ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

მოსკოვის სტრატეგიულმა მოკავშირე ასადის ხელისუფლებამ, კრემლის ზეწოლის შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 2018 წელს აღიარა.

ამას მოჰყვა რუსული არმიის მიერ დაკავებული უკრაინული ე.წ. „დონეცკისა“ და „ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ე.წ. „დამოუკიდებლობისა“ და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარება.

ამავდროულად, ბუნდოვანია უშუალოდ კაია კალასის მონაწილეობის საკითხი უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი აგრესიის დასრულების ირგვლივ გასამართ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ევროპელი დიპლომატის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრემლის წინააღმდეგ შეზღუდვების გამკაცრება, რათა მოსკოვს არ მიეცეს შესაძლებლობა, განავითაროს საკუთარი სამხედრო მანქანა.

„სანქციები შეეხო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ბანკებს, ელექტრონული კომერციის სფეროში მოქმედ კომპანიებს, ასევე სპარსეთის ყურისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ უჭერენ მხარს... მინისტრებმა ასევე მკაფიოდ მოითხოვეს სავიზო პოლიტიკის გამკაცრება და რუსეთის სპორტსმენებისთვის ევროკავშირში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის შეზღუდვა. თუ რუსეთი იმედოვნებს, რომ ჩვენ დავიღლებით, იმედგაცრუებული დარჩება.

მომავალ კვირას ევროკავშირის ლიდერები უკრაინის 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ.

ცხადია, რომ ყველგან საბიუჯეტო რესურსები შეზღუდულია. თუმცა უკრაინის მხარდაჭერა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განხორციელებული ინვესტიციაა. ჩვენი ცხოვრების წესი, უკეთესი სკოლები, უკეთესი საავადმყოფოები და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობები სწორედ უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული.

შეფასებების თანახმად, ევროპის ქვეყნების მთავრობები უკრაინის დასახმარებლად საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0,1–0,2%-ს ხარჯავენ. უკრაინის მხარდაჭერა გაცილებით ნაკლები ჯდება, ვიდრე პუტინის გამარჯვება...

რუსეთის მოთხოვნები კვლავ მაქსიმალისტურია. მოსკოვს სურს უკრაინის დაშლა, NATO-ს უკანდახევა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლების მოპოვება. ეს მოთხოვნები თავიდანვე მიუღებელია. 2021 წელს რუსეთის მოთხოვნები ომის დაწყების საბაბი იყო. 2026 წელს კი ისინი ომის გაგრძელების საბაბად იქცა.

ევროპას მოსკოვის მიმართ მკაფიო მოთხოვნები აქვს. შეგახსენებთ რამდენიმე მათგანს: პატივისცემით უნდა მოეკიდონ უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი ალიანსების არჩევის უფლებას, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სამართლებრივად აღიარებული ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებისთვის და აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ნგრევით გამოწვეული ზარალი. უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვები საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. უნდა შეწყდეს რუსეთის დივერსიული საქმიანობა და კიბერშეტევები ევროპის მასშტაბით. პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტას უნდა მიენიჭოს, რასაც სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

გასულ კვირას კალასი დუბლინში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო ლიდერების არაფორმალურ სამიტში და აქტიურად დაეცვა თავისი კანდიდატურა ევროპელ სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნისთვის, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დასრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპას წარმოადგენდა.

თუმცა, ევროპელი ლიდერები პოზიციას არ ცვლიდნენ და კალასის წინადადება დაუყოვნებლივ უარყვეს. დახურულ შეხვედრებზე ინფორმირებული წყაროების ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ კალასს საკმარისი ინსტიტუციური წონა არ აქვს და მისი კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა.

სამიტი დასრულდა მოლაპარაკებებისთვის გაფართოებული ერთობლივი ევროპული გუნდის შექმნით, რომელიც, ჯამში, შვიდი წარმომადგენლისგან შედგება. კალასი მათ შორის არ აღმოჩნდა.

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ადგილი ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას შორის გადანაწილდა. მათ შესაბამისად დაიკავებენ მაღალი თანამდებობის პირები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის აპარატებიდან.

ამგვარად, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, რომელსაც კალასი ხელმძღვანელობს, მოლაპარაკებების პროცესის მიღმა რჩება.

დაკავშირებული ამბები
კავშირების განახლებისთვის ევროკავშირი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოითხოვს ევროკავშირის ხუთი ქვეყანა რუანდაში დეპორტაციის ცენტრის გახსნის გეგმის შესახებ აცხადებს