კატეგორიები

რუსეთის მეგობრები: მოსკოვი „თალიბანთან“ სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს

რუსეთის მეგობრები: მოსკოვი „თალიბანთან“ სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს
საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი მოსკოვი პარტნიორების ძიებას განაგრძობს. კრემლისთვის დაძმობილებულთა ჩამონათვალში არიან ისეთებიც, ვინც ახლო წარსულშიც კი „მტრების“, „ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანთა“ და „ტერორისტების“ სიაში შედიოდნენ.

ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი დაჯგუფება „თალიბანი“ 2025 წლის ზაფხულიდან რუსული მხარისთვის აღარ წარმოადგენს საფრთხეს და ის არათუ „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ აღარ არის მიჩნეული, არამედ პუტინის მმართველობის მიერ ქაბულის ლეგიტიმურ მთავრობადაა აღიარებული.

გარდა ზეპირსიტყვიერი კავშირებისა, მხარეთა შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება პირისპირ შეხვედრების დროსაც გაფორმდა. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი ავღანეთის დედაქალაქში შედგა, როდესაც რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვეჩუკი, 70-კაციან დელეგაციასთან ერთად ქვეყანაში ჩავიდა „თალიბებთან“ ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში შეთანხმებების გასაფორმებლად.

ავღანეთის მთავრობის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, აბდულ განი ბარადარმა რუსულ მხარეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოტენციალისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ავღანეთის „სტრატეგიულ მდებარეობაზე, მდიდარ ბუნებრივ რესურსებსა და 24 მილიონი ადამიანისგან შემდგარ სამუშაო ძალაზე“.

აბდულ განი ბარადარმა რუსულ კომპანიებს ავღანეთის სოფლის მეურნეობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, საავტომობილო და სარკინიგზო გზების მშენებლობისა და საწარმოების განვითარების სფეროებში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. მან ასევე შესთავაზა ავღანეთში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა და გამოთქვა სურვილი, გაიზარდოს ავღანური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.

ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ რუსეთს ასევე სთხოვა, „უზრუნველყოს ავღანური პროდუქციის რუსეთის ბაზრებზე მიწოდებისთვის აუცილებელი პირობები და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო და სატრანზიტო ხარჯების შემცირებას“.

2021 წლის აგვისტოში, აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ, თალიბანის მიერ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან მოყოლებული, რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც თალიბების ლეგიტიმაცია აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის გარდა არცერთ სხვა ოფიციალურ წარმომადგენლობას ავღანეთის ახალი რეჟიმი ოფიციალურად არ უღიარებია, „თალიბანის“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე გამართეს მაღალი დონის მოლაპარაკებები მრავალ სახელმწიფოსთან და რიგ მთავრობებთან ცალკეული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობებიც დაამყარეს.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის მეგობრები: მოსკოვი „თალიბანთან“ სტრატეგიულ პარტნიორობას გააღრმავებს Microsoft-ის სერვისების ნაწილი მიუწვდომელია - კიბერშეტევა ნაკლებსავარაუდოა