12 ნოემბრის დღის ბოლოდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათობით ათასი მომხმარებელი Microsoft-ის სერვისების გლობალური შეფერხების გამო სრულფასოვანი საოფისე სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებს.
ნაწილობრივ მიუწვდომელია ელექტრონული ფოსტის სერვისი Outlook-ი, ხელოვნური ინტელექტის ჩათ-ბოტი Copilot-ი და ვიდეოკონფერენციების სერვისი Teams-ი, რომელიც კორონავირუსის გლობალური პანდემიის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხელსაწყო გახდა.
კორპორაციის განცხადებით, ყველა ამ სერვისს „დაკავშირების პრობლემები“ აქვს. Microsoft-ის ამჟამინდელი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნული შეფერხებები კიბერშეტევით იყოს გამოწვეული.
მონაცემთა მონიტორინგის სერვის Downdetector-ის ინფორმაციით, Microsoft-ის პროგრამებთან დაკავშირებული პრობლემები ერთი საათის განმავლობაში მსოფლიოს 74 ქვეყანაში დაფიქსირდა.
Microsoft-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, Microsoft 365-ის პაკეტს მსოფლიოში 430 მილიონი ადამიანი იყენებს.
ტექნოგიგანტმა კომპანიამ განაცხადა, რომ განახლება უკვე გამოუშვა, თუმცა მის დანერგვას მოსალოდნელზე მეტი დრო სჭირდება.
კორპორაციის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მისი სერვერები ერთდროულად „გაზრდილი დატვირთვის“ ქვეშ აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ სერვერებზე მოთხოვნების რაოდენობა აღემატება იმ მოცულობას, რომლის დამუშავებაც მათ შეუძლიათ.
Outlook-ის მსგავსი სერვისები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შენელდეს: ელექტრონული წერილები, მიმაგრებული ფაილები და კალენდრის ჩანაწერები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ იხსნებოდეს ან შემოსული შეტყობინებების სიაში საერთოდ არ ჩანდეს.
Copilot-ში გაგზავნილი მოთხოვნების დამუშავებასაც შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს ან პასუხი საერთოდ არ დაბრუნდეს დადგენილ დროში.
შეფერხებამ Microsoft-ის კუთვნილი არაერთი მესამე მხარის სერვისიც დააზარალა. კომპანიებმა OpenAI-მ და Anthropic-მა განაცხადეს, რომ შეფერხებები მათ პროდუქტებშიც - დიდ ენობრივ მოდელებში - დაფიქსირდა იმ ნაწილში, რომელიც Microsoft-ის პროდუქტებთან არის ინტეგრირებული.
ავსტრალიის შინაგან საქმეთა და კიბერუსაფრთხოების მინისტრმა ტონი ბერკმა განაცხადა, რომ საკუთარ ქვეყანაში Microsoft-ის წარმომადგენლებს ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები „არ ფიქრობენ, რომ საქმე კიბერინციდენტთან აქვთ“.
ზოგიერთმა ანალიტიკოსმა კი განაცხადა, რომ თუ კიბერშეტევას ადგილი არ ჰქონია, მაშინ მიმდინარე მოვლენას „წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობა“ უნდა ეწოდოს - მაგალითად, ასე შეაფასა ვითარება ახალზელანდიური საკონსულტაციო კომპანია Gorilla Technology-ის წარმომადგენელმა, პოლ სპეინმა.
