კატეგორიები

ვაშლის გზა ყაზახეთის ტყეებიდან თანამედროვე ბაღებამდე

ვაშლის გზა ყაზახეთის  ტყეებიდან თანამედროვე ბაღებამდე
ვაშლი მრავალი მითისა თუ ლეგენდის შთაგონების წყაროა, თუმცა ამ სიმბოლომ ადგილი თანამედროვე ბრენდინგშიც დაიმკვიდრა. მაინც სად არის პირველი ვაშლის სამშობლო? ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად ევრონიუსი ყაზახეთში ჩავიდა, საიდანაც ვაშლი დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა.

მსოფლიოში ვაშლის 7000-ზე მეტი ჯიში არსებობს; თითოეულ მათგანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გემო, ფერი, ფორმა და ზომა გამოარჩევს. ყაზახეთში  ამბობენ, რომ ზღვის დონიდან ათას მეტრზე მაღლა მოყვანილი ვაშლი განსაკუთრებულად გემრიელია, რაც იმით აიხსნება, რომ ვაშლის გემოს დაახლოებით 25 პროცენტი კლიმატზეა დამოკიდებული. მთის კლიმატი ხელს უწყობს, რომ ნაყოფი უფრო მკვრივი, ხრაშუნა და ტკბილი გამოვიდეს.

მეცნიერთა აზრით, სივერსის ჯიშის ვაშლი — რომელსაც სახელი იოჰან სივერსის პატივსაცემად ეწოდა, რადგან მან ეს ჯიში 1796 წელს აღმოაჩინა — იმ ვაშლების ერთ-ერთი პირველი წინაპარია, რომლებიც დღეს გვხვდება. სივერსის ვაშლი ველურად იზრდება ყაზახეთში, ტიან-შანის მთებში, სადაც ვაშლის ძველი ტყეები დღემდეა შემორჩენილი.

„1930-იან წლებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ ყაზახეთი არის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი, სადაც სივერსის ველური ვაშლი (მალუს სივერსი Malus sieversii) ხარობს,“- ამბობს გულნარა სიტბაევა, ყაზახეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.  „ცოტა ხნის წინ მეცნიერთა ჯგუფმა ვაშლის 10 000-ზე მეტი კულტივირებული ჯიში შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მათგან 46% სივერსის ვაშლის გენეტიკურ მასალას შეიცავდა. ეს ადასტურებს, რომ ყაზახეთი ამ უნიკალური სახეობის სამშობლოა“.

ფრინველებმა და ცხოველებმა სივერსის ვაშლის თესლი მთებში გაავრცელეს. მოგვიანებით კი ადამიანებმა ამ ვაშლის ყიდვა-გაყიდვას მიჰყვეს ხელი „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ. ამიტომ ჩვენ ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვრისკენ გავემგზავრეთ, რათა საკუთარი თვალით გვენახა ვაშლის უნიკალური ტყეები. ყაზახეთში ერთ-ერთი უმშვენიერესი პეიზაჟი ვიხილეთ. გაზაფხულზე ჯუნგარის ალათაუს  მთის ფრედობები ვაშლის ნაირფრად აყვავებული ხეებით ახარებს თვალს.

ჯუნგარის ალათაუს მთებში ხარობს პლანეტაზე არსებული ველური სივერსის ვაშლის ხეების თითქმის ნახევარი. გაზაფხულზე ეს მხარე ყველაზე მეტ ტურიტს იზიდავს, რომლებიც აქ ვაშლის ხეების  თვალწარმტაცი ყვავილობის სანახავად ჩამოდიან.

ვაშლის  ყვავილობა რეგიონში ნამდვილ დღესასწაულად იქცა, რომელსაც ყოველ წელს ტრადიციული კერძებითა და ეროვნული თამაშებით აღნიშნავენ.

„ეს დაცული ტერიტორია სივერსის ველური ვაშლის ტყეების სამშობლოა,“ - ამბობს ადილეტ მაქსუტოვი, რეკრეაციისა და ტურიზმის ინჟინერი ჟონგარ-ალათაუს ეროვნულ პარკში. „აღნიშნული სახეობა ყაზახეთის „წითელ წიგნშია“ შეტანილი და განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. ეს ჯიში  ცნობილია, როგორც განსაკუთრებულად ყინვაგამძლე“.

ველური ვაშლის უნიკალური ტყეების გარდა, სამხრეთ ყაზახეთში მდებარეობს ქალაქი, რომელსაც სწორედ ამ ხილის სახელი ჰქვია. ეს არის ალმათი — ყაზახეთის ყველაზე დიდი ქალაქი და ყოფილი დედაქალაქი, რომელსაც გარს ტიან-შანის მთები აკრავს. ყაზახურ ენაზე „ალმა“ ვაშლს ნიშნავს, ხოლო „ალმათი“ — „ვაშლით სავსეს“. ჩვენ კი აქ შემოდგომაზე ჩამოვედით — ზუსტად იმ დროს, როცა ქალაქში სხვადასხვა დღესასწაულს ზეიმობენ და ვაშლის მოსავლის აღების დროა.

ვაშლი ქალაქის იერსახის განუყრელი ნაწილია. სად არ ნახავთ ვაშლს: კედლის მხატვრობაში, არქიტექტურასა და მეტროს სადგურებშიც კი.

ძნელი წარმოსადგენია ალმათი „აპორტის“ ჯიშის ვაშლის გარეშე, რომელიც ქალაქის სიმბოლოდ იქცა.

„ველური სივერსის ვაშლისგან განსხვავებით, „აპორტი“ კულტურული ჯიშია, რომელიც ადამიანმა სელექციის შედეგად შექმნა,“ - განმარტავს გულნარა სიტბაევა, ყაზახეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. „1865 წელს ვაჭარმა, გვარად რედკომ, რუსეთის ვორონეჟის ოლქიდან ალმათიში ვაშლის კულტურული ჯიში ჩაიტანა. მოგვიანებით „აპორტი“ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ იქცა და ალმათიც დიდი ხანია, ვაშლის ამ გამორჩეულ ჯიშთან ასოცირდება“.

ვაშლის ბაღების სანახავად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან.  ადგილობრივ სულეიმან ჯულფაევსა და მის ოჯახს თითქმის 20 წელია აქ ვაშლი მოჰყავს.

„ჩვენი ბაღი 2008 წელს გავაშენეთ, ასე რომ, ის უკვე 18 წლისაა,“ - ამბობს სულეიმან ჯულფაევი, ვაშლის ბაღის პატრონი. „თითოეული ხე თავად დავრგეთ და ბაღს მთელი წლის განმავლობაში ვუვლით. ზამთარში ხეებს ვსხლავთ, გაზაფხულზე კი ბალახს ვთიბავთ. ზაფხულში პრიორიტეტი მორწყვაა, რადგან მოსავალი სწორედ წყალზეა დამოკიდებული. ნაყოფის სათანადოდ ზრდისა და განვითარებისთვის ხეებს საკმარისი წყალი სჭირდებათ. ბაღი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობადაც იქცა და მას სულ უფრო მეტი მნახველი სტუმრობს“.

ვაშლს უხსოვარი დროიდან მრავალ ქვეყანაში მიირთმევენ, თუმცა მისი ფესვები ყაზახეთშია, სადაც ვაშლთან დაკავშირებული ადგილობრივი ტრადიციები არსებობს. ყოველ შემოდგომაზე აქაურ ფერმერებს ვაშლის მოსავალი ალმათიში ვაშლის გრანდიოზულ ფესტივალზე ჩააქვთ; წელს ბაზრობაზე 200 ტონა ვაშლი გამოიტანეს. აქ ვაშლი მხოლოდ ხილი არ არის — ის ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ავტორი: ტომირის ბილიალი 

დაკავშირებული ამბები
ვაშლის გზა ყაზახეთის ტყეებიდან თანამედროვე ბაღებამდე ყაზახეთის ბურაბაის ეროვნულმა პარკმა მილიონ-ნახევარ ტურისტს უმასპინძლა