კატეგორიები

ყაზახეთის ბურაბაის ეროვნულმა პარკმა მილიონ-ნახევარ ტურისტს უმასპინძლა

ყაზახეთის ბურაბაის ეროვნულმა პარკმა მილიონ-ნახევარ ტურისტს უმასპინძლა
ბურაბაის ეროვნული პარკი თავის ტურისტულ პოტენციალს აფართოებს: ბუნებაში გასვლისა და სხვადასხვა სპორტული გასართობის გარდა, პარკი მსურველებს შესთავაზებს კულტურისა და ისტორიის შემეცნებით ტურებს, სათამაშო ტურიზიმისა და ოფიციალური შეხვედრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას.

როდესაც გადაცემა „თანამედროვე მომთაბარეების“ გადამღები ჯგუფი 2026 წლის თებერვალში ესტუმრა ბურაბაის ეროვნულ პარკს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ასტანის ჩრდილოეთით მდებარეობს, თერმომეტრი მინუს 23 გრადუსს აჩვენებდა და ჩვენ ზამთრის გასართობებით მშვენივრად ვიხალისეთ. თუმცა გაზაფხულსა და ზაფხულში აქაურობა სრულიად განსხვავებულია და სულ სხვაგვარად შეიძლება გართობა.  სწორედ ზაფხულში მიხვდები, თუ რატომ შეიყვანეს ეს ადგილი ყაზახეთის კურორტების იმ სამეულში, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება და განვითარება სჭირდება. ამ ოაზისში სამი დიდი ტბაა, რომლებიც ულამაზეს და სიცოცხლით სავსე ტყით დაფარულ მთებშია მიმალული.

„აქაურობა ზედგამოჭრილია საოჯახო ტურიზმისთვის, ასევე ეკოტურიზმის, სათამაშო ტურიზმისა და სპორტული ცხოვრების მოყვარულთათვის,“ - ამბობს  ერნარ ჟარკეშოვი, აყმოლის ოლქის აკიმის მოადგილე. „სულ უფრო  მეტ ყურადღებას ვუთმობთ ეკოტურიზმს. სწორედ ამიტომ ბუნების მოყვარულთათვის გავაკეთეთ სპეციალური ბილიკები, რათა მათ შეძლონ ტყეებსა და მთებში დამოუკიდებლად ლაშქრობა, რომ არავინ შეაწუხოთ“.

ბურაბაის ეროვნულ პარკში ხერხემლიანი ცხოველების 300-ზე მეტი სახეობა ბინადრობს და 800-ზე მეტი ტიპის მცენარე ხარობს, რის გამოც ეს პარკი იუნესკოს ბიოსფერული ნაკრძალების მსოფლიო ქსელში შეიყვანეს. თუ არ გაგიმართლათ და ამ ნაკრძალში ვერსად გადაეყარეთ ცხენირემს, ირემს, გარეულ ტახს, მგელს, ევრაზიულ ფოცხვერს, მელას, ყარყუმს, სინდიოფალას, კვერნას ან მაჩვს, მაშინ შეგიძლიათ, თავად ესტუმროთ ცნობილი კავკასიური კეთილშობილი ირმების ფერმას. ტურისტების უმეტესობა ვერ უძლებს ცდუნებას და ტბების ზემოთ  მთაში მოწყობილ სპეციალურ გადმოსახედ პლატფორმებზე ადის, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება.

ბურაბაიში ნებისმიერი ადამიანი იპოვის თავის შესაფერის გასართობს. იქნება ეს უბრალოდ ბუნებით ტკბობა თუ კონგრესების მოწყობა. ფიჭვნარისა და წყლისპირის ჰაერის ნაზავი, როგორც ამბობენ, ძალიან სასარგებლოა ფილტვებისთვის. ამიტომ პირველი სანატორიუმები ამ ადგილას 1910 წელს ააშენეს. ამჟამად აქ ათზე მეტი სამედიცინო დაწესებულება და 20-ზე მეტი საბავშვო ბანაკია.

„აქ უამრავი გასართობია, მათ შორის შეგიძლია ბუნებაში გასვლა, რაც გულისთვის სასარგებლოა,“ - განმარტავს ბაურიჟან მახმეტოვი, ბურაბაის ეროვნული პარკის უფროსი სახელმწიფო ინსპექტორი. „შეგიძლია, უბრალოდ მანქანით მოხვიდე და მერე ველოსიპედზე გადაჯდე. ჩვენი ეროვნული პარკის მთელ ტერიტორიას მიუყვება ველობილიკები და საფეხმავლო ბილიკები.  შეგიძლია, ველოსიპედით ან ფეხით ისეირნო. ასევე არის კარვის გასაშლელი და კოცონის გასაჩაღებელი ადგილები. ეს ყველაფერი გვაქვს“.

ბურაბაი მართლაც თვალწარმტაცია, თუმცა აქაურობას ჭეშმარიტ უნიკალურობას ყაზახეთის ისტორია ანიჭებს.

„ორი წლის წინ არქეოლოგიური გათხრები დავიწყეთ მთელი კურორტის ტერიტორიაზე და სამ ადგილას მიდის სამუშაოები,“ - ამბობს ერნარ ჟარკეშოვი, აყმოლის ოლქის აკიმის მოადგილე. „ჩვენი ეროვნული მუზეუმისა და მთავრობის არქეოლოგებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად რამდენიმე ყორღანი აღმოაჩინეს, ძირითადად ისტორიული სამარხები და  მსხვერპლშეწირვის საკურთხევლები. ყაზახეთში აქ ჩამოსული ტურისტები შეძლებენ ეზიარონ ბურაბაის უძველეს ისტორიას, რადგან ეს კურორტი ყოველთვის წმინდა ადგილად ითვლებოდა“.

ყაზახ ხალხს ყოველთვის სწმადა, რომ ეს ადგილები წმინდათაწმინდა იყო. აქ ახლაც უამრავ ლეგენდასა და მითს ჰყვებიან, რაც ბურაბაის იდუმალებას ანიჭებს. აქ თითოეული ქვა ლეგენდას ყვება, მაგრამ ეს დიდი ქვა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყაზახი ხანის აბილაი-ხანის ტახტი იყო. ამბობენ, რომ თუ ამ ქვას ირგვლივ შემოუვლი და სურვილს ჩაუთქვამ, აუცილებლად აგიხდება.

მომავალში  სახას ცივილიზაციის კიდევ უფრო მეტი სამარხი და მსხვერპლშეწირვის  ადგილი რომ აღმოაჩინონ, ამ მიზნით  სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობას ჩაუყარეს საფუძველი. ერთ-ერთი არქეოლოგიური სამუშაოების ადგილას შევხვდით ისტორიკოსს, რომელიც ამ პროექტშია ჩართული.

„ყაზახურ ლეგენდას ისტორიული საფუძველი აღმოჩნდა,“ - განმარტავს ჟამბილ არტიკბაევი, ისტორიკოსი. „მაგალითად, აბაკაის ეს ძეგლი სკვითების ხანას განეკუთვნება, რომელიც ორი ათს ხუთასი წლისწინანდელ პერიოდს მოიცავს. ეს გახლავთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეული. აქ მოდიოდნენ და ზებუნებრივ ძალებს ევედრებოდნენ, ამ ხანის ქალიშვილს დახმარებას სთხოვდნენ“.

ბურაბაიში ჩემი მეორე ვიზიტის ბოლოს ველოსიპედით გასეირნებასა და ტბაში გაცურვას ვგეგმავ. თუმცა მაინც ვერ გადავწყვიტე, რა ჯობია, ამ ადგილს ზაფხულში ესტუმრო თუ ზამთარში?

ავტორი: ბოიან ბრკიჩი

დაკავშირებული ამბები
ყაზახეთის ბურაბაის ეროვნულმა პარკმა მილიონ-ნახევარ ტურისტს უმასპინძლა ტიან-შანის ფარული მარგალიტები - კოლსაის ტბების ეროვნული პარკის ბუნებრივი საგანძური