კატეგორიები

მოსკოვი არ თვლის საჭიროდ ევროპის მონაწილეობას უკრაინის მოლაპარაკებებში

მოსკოვი არ თვლის საჭიროდ ევროპის მონაწილეობას უკრაინის მოლაპარაკებებში
რუსეთის პრეზიდენტთან აშშ-ის სპეცწარმომადგენლების შეხვედრა ნაკლებად ოპტიმისტური აღმოჩნდა, ვიდრე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები - მიუხედავად, იქ მიუღწეველი ხელშესახები შეთანხმებისა.

მოსკოვში ჩასულ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვლადიმერ პუტინმა ახლო მომავალში ევროპის მონაწილეობით სამშვიდობო დიალოგის გამართვის იმედები გაუქარწყლა.

კრემლი ეჭვქვეშ აყენებს ამ პროცესში ევროკავშირის ნეიტრალურობას და თვლის, რომ გაერთიანებას საერთოდაც არ აქვს მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება - არადა ომი სწორედაც რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს და, შესაბამისად, მის უსაფრთხოებასა და მომავალთან პირდაპირაა დაკავშირებული.

პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ევროპელებს ჯერ საკუთარ პოლიტიკაში გარკვევა და იმის განსაზღვრა ურჩია, თუ რომელ მხარეს არიან ისინი - „მშვიდობისკენ თუ ომისკენ“:

„აშკარაა, რომ არსებული სისტემა არ მუშაობს. ეს ყველასთვის ნათელია. იმედი გვაქვს, რომ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებიც მხარს დაუჭერენ მუშაობას უსაფრთხოებისა და მშვიდობის განუყოფელობის პრინციპზე დაფუძნებული ახალი, გრძელვადიანი არქიტექტურის პარამეტრების შეთანხმებაზე, რომლის შემუშავების დაწყებისთვისაც ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ, ამერიკელ წარმომადგენლებთან ერთად.

ასევე ვაპირებთ გავითვალისწინოთ რამდენიმე ახალი გარემოება და მოსაზრება, იმ გაკვეთილებზე დაყრდნობით, რომელთა გააზრებაც ამჟამინდელი ვითარებიდან აუცილებლად გვმართებს და რომელთა უგულებელყოფის უფლებაც არ გვაქვს, როდესაც კოლექტიური დასავლეთი ჩვენ წინააღმდეგ არის მომართული“.

მოსკოვი უკვე დიდი ხანია, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და შეიარაღების მიწოდებას კონფლიქტში პირდაპირ ჩარევად მიიჩნევს და, ფაქტობრივად, ევროკავშირს კონფლიქტის მონაწილე მხარეს უთანაბრებს.

ამას გარდა, კრემლში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ მომლაპარაკებლებს შესთავაზა რუსული არმიის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ კონსტანტინოვკაში ოლეშკის მსგავსი ჰუმანიტარული მისიის ჩატარება.

ბოლო რამდენიმე თვეა, მოსკოვი ირწმუნება, რომ აკონტროლებს დონეცკის ოლქში მდებარე ამ ქალაქს, თუმცა კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს.

ადგილიდან ბოლო ცნობების თანახმად, ქალაქისთვის ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს და უკრაინული არმია ჯერ კიდევ აკონტროლებს კონსტანტინოვკას 35-40%-ს, ხოლო რუსული მხარე ქალაქის აღებას დიდი დანაკარგების ფონზე ცდილობს.

„როგორც თქვენ ახლახან აღნიშნეთ, ბატონებო, ეს მშვიდობა გრძელვადიანი უნდა იყოს. მე არა მხოლოდ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, არამედ მსურს, რომ ის სამუდამოდ გაგრძელდეს. როგორც დასაწყისშივე განვაცხადე, „ნაცრისფერი ზონის“ არსებობით ამ პრობლემას ვერასოდეს მოვაგვარებთ. არსებობს მხოლოდ ერთი მკაფიო ზღვარი - სახელმწიფო საზღვრის ხაზი.

დონბასში, უკრაინის მიერ მის სტრატეგიულ თავდაცვით ზღუდედ მიჩნეულ ტერიტორიაზე, მდებარეობს დასახლებული პუნქტი კონსტანტინოვკა. იქ დაახლოებით 400-დან 500 მშვიდობიან მოქალაქემდე რჩება.

მოდით, იგივე პროცედურა გამოვიყენოთ, როგორც ოლეშკიში. ჩემი აზრით, ამ დასახლებულ პუნქტს რუსული ძალები აკონტროლებენ - ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. ამ დასახლებული პუნქტის მისადგომების დანაღმვისგან გასაწმენდად ხუთი დღე გვჭირდება.

რაც შეეხება ევროპელებს, ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ევროპასთან დიალოგზე. ბატონებო, გვსურს, რომ თქვენ და მთლიანად აშშ-ის ადმინისტრაციამ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად იმუშაოთ, რათა მათ საბოლოოდ გადაწყვიტონ, რა სურთ - მშვიდობა თუ ომი უკრაინაში.

თავიდანვე განვაცხადეთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხოური სამხედრო კონტინგენტის ყოფნა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროპელებმა ამის შესახებ იციან.

და რას ვისმენთ მათგან? რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთანავე ისინი დაუყოვნებლივ განათავსებენ ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე.

რას ნიშნავს ეს? ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ასეთ ჯარებს ლეგიტიმურ სამიზნეებად მივიჩნევთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომი დაუყოვნებლივ განახლდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

კონსტანტინოვკას საკითხთან დაკავშირებით კიევში შიშობენ, რომ ეს მოსკოვის მორიგი მახეა და რუსული მხარე ამ პაუზას გამოიყენებს საკუთარი სამხედრო ძალების როტაციისთვის, როგორც ეს ოლეშკიში მოხდა.

მოსკოვის შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სპეცწარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად დუბლინში ჩავიდნენ, სადაც ის ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტს ესწრებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიც არის იმ იდეის მომხრე, რომ ომის დასასრულებლად აუცილებელია ევროპელების მონაწილეობა - იქნება ეს ევროკავშირის ერთიანი წარმომადგენლობის ფორმატით თუ ცალკეული სახელმწიფოების მონაწილეობით:

„ამერიკულმა გუნდმა ევროპელებთან დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო შეხვედრაზე ევროპაც ჩაერთოს მოლაპარაკებებში, როგორც მოლაპარაკებების გუნდის სრულფასოვანი მონაწილე და არა რაიმე სხვა ფორმით ან ცალკე. ევროპასაც უნდა ჰქონდეს საკუთარი ხმა.

ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს. მომავალში ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდებით და სწორედ ამიტომ ევროპის მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც კეთილდღეობისთვის, ისე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ცალ-ცალკე გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელების ყოფნის გარეშე შეუძლებელია.

„ვფიქრობ, შევძელით პრეზიდენტ პუტინთან ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა და ის მზად არის, სცადოს ეს მიდგომა.

რუსეთისა და ევროპის პოზიციებიდან გამომდინარე, ორივე მხარე საჯაროდ ბევრ განცხადებას აკეთებს. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ უშუალო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, ამ საკითხებზე ისაუბრონ, შედარებით მშვიდ ვითარებაში განიხილონ უთანხმოებები და მოძებნონ გამოსავალი. როგორც მე მესმის, და როგორც თავად მონაწილეებისგან ვისმენთ, ორივე მხარეს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა ჯარედ კუშნერმა, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. როგორც უკვე განვიხილეთ, ვგეგმავთ მძევლების გათავისუფლების ყველაზე მასშტაბურ პროცესს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, თავად უხელმძღვანელოს ამ ომის დასრულების პროცესს. სწორედ ასეთი დავალება მოგვცა მე და ჯარედს.

ამიტომ ვართ აქ დღეს საღამოს. სწორედ ამ მიზნით ჩამოვფრინდით აქ, რათა უშუალოდ შევხვედროდით პრეზიდენტს და პირადად მოგვახსენებინა მისთვის იმ დადებითი შედეგების შესახებ, რომელთა მიღწევაც, ჩვენი აზრით, შევძელით“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა.

დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად, უკრაინის ქალაქების დაბომბვა არც ერთი დღით არ შეწყვეტილა. კიევში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი იერიშის შედეგად, ძლიერი ხანძარი გაჩნდა და, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს სოლომიანსკის დასახლებაში მდებარე კორპუსიდან 3 ადამიანის უსაფრთხოდ გამოყვანა.

დაკავშირებული ამბები
მოსკოვი არ თვლის საჭიროდ ევროპის მონაწილეობას უკრაინის მოლაპარაკებებში იტალიის ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეაჩერეს