კატეგორიები

აბუ-დაბიში მოსკოვი და კიევი მხოლოდ სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

აბუ-დაბიში მოსკოვი და კიევი მხოლოდ სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ
ორდღიანი მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე - ცხრა თვის შემდეგ პირველად, აშშ-ის შუამავლობითა და ხელმძღვანელობით გამართული სამშვიდობო დიალოგი რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მხარეებისთვის მოსალოდნელი შედეგით დასრულდა.

დახურულ კარს მიღმა რამდენიმესაათიანი საუბარი ერთადერთი შეთანხმებით დასრულდა - სამხედრო ტყვეების გაცვლით - სწორედ იმით, რითაც დასრულდა თებერვლის მოლაპარაკებებიც.

შტატების სპეცწარმომადგენელი ჯარედ კუშნერი იმედოვნებს, რომ ეს დიპლომატიური პროცესი გაგრძელდება, თუმცა მისი ფორმატი შეიცვლება და დიალოგის გარშემო ევროპელ მომლაპარაკებლებსაც მოუყრის თავს.

კუშნერის თქმით, ის და მისი კოლეგა სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს, ხოლო დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

„ვფიქრობ, ასეთი დისკუსიების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების განხორციელება არ დაიწყება, ვიდრე არ იქნება მიღწეული შეთანხმება ტერიტორიულ საკითხებსა და ყველა სხვა ორმხრივ საკითხზე.

ვფიქრობ, ევროპასთან თანამშრომლობა, ყოველ შემთხვევაში, უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის, საკმაოდ აქტიური იყო.

ჩვენ პრეზიდენტ პუტინს პირადად, არაერთხელ, ასევე მის გუნდს პირდაპირ გადავეცით, რომ ამ პროცესის წარმატებით დასრულების ერთადერთი გზა მათი ჩვენს გვერდით ყოფნაა.

ვფიქრობ, ისინი ამ იდეის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი და მზად არიან მის მისაღებად. ვფიქრობ, თუ ის ამაზე თანხმობას განაცხადებს, მაშინ შევძლებთ გაცილებით მეტი პროგრესის მიღწევას ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა.

უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, რომელიც უკრაინული დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი წევრია, „საკმაოდ მნიშვნელოვანი“ უწოდა სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და, კუშნერის მსგავსად, გამოთქვა იმედი, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალში მრავალმხრივ ფორმატში გადაიზრდება, რომელშიც ევროპელი წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მისივე ვარაუდით, კონფლიქტის მოგვარების გზაზე ხელშესახები პროგრესის მიღწევა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. როგორც არახამია ამბობს, აბუ-დაბიში „კარგი დინამიკა“ გამოიკვეთა, თუმცა მხარეთა შორის განსახილველი ჯერ კიდევ ბევრი პრობლემური საკითხია:

„ამ პროცესში 2022 წლიდან ვარ ჩართული და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მოლაპარაკებები იყო.

ვფიქრობ, რუსული მხარე ძალიან მკაცრი მითითებებითა და პოზიციებით მოვიდა. საკმაოდ რთული იყო დისკუსიის შერბილება და უფრო კონსტრუქციულ ჩარჩოში გადაყვანა.

თუმცა, ვფიქრობ, თქვენ მიერ შემოთავაზებულმა მიდგომამ, რომელიც ორივე ქვეყნის ომისშემდგომი მდგომარეობის განხილვას ეფუძნებოდა, დიალოგის შესაძლებლობა გააჩინა და ჩვენ უფრო პროდუქტიულ მუშაობას შევუდექით. მეორე და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ადამიანებია. ჩვენ ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინაში თითოეული ადამიანის გულისთვის ომი შევაჩეროთ. მაგრამ, მოგეხსენებათ, ომის დასრულებამდე ყოველთვის არიან ადამიანები, რომელთა მდგომარეობაც განსაკუთრებით მძიმეა - მათ შორის ისინი, ვინც პატიმრობაში იმყოფებიან. ამიტომ ასეთი დიდი რაოდენობის ადამიანების გაცვლა მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.“

ომში ჩართულ მხარეებს შორის ერთ-ერთ რთულად მოსაგვარებელ საკითხს რუსული არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს. მოსკოვი კვლავ დაჟინებით მოითხოვს, კიევმა უარი თქვას ოთხ ოლქზე - დონეცკზე, ლუჰანსკზე, ხერსონსა და ზაპორიჟიაზე. ამ ჩამონათვალს ასევე ემატება კრემლის მიერ 2014 წლის მარტიდან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სტატუსის საკითხიც.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს თემა არ არის ტექნიკური ჯგუფების დონეზე განსახილველი და საჭიროებს ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრას, რისთვისაც მზაობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გამოთქვა, ვლადიმერ პუტინი კი მას ან მოსკოვში ეპატიჟება ან შეხვედრაზე საერთოდ უარს ამბობს.

არაფერი იცვლება კრემლის სამხედრო გეგმებშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსული არმია განაგრძობს ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში დასახული მიზნების შესრულებას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ დროებით ზავს.

ლავროვის მტკიცებით, ეს მოწინააღმდეგესა და მის მოკავშირეებს „ამოსუნთქვისა და გადაიარაღების საშუალებას მისცემს“.

„ამ ეტაპზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ ვითვალისწინებ - ის მუდმივად საკუთარ თამაშს თამაშობს. თუმცა, როგორც ყველა წყარო იუწყება, მისი მომლაპარაკებლები მოლაპარაკებების შინაარსობრივ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი. ვნახოთ, რას იტყვიან მედინსკი და მისი დელეგაციის წევრები, როდესაც დაბრუნდებიან.

იმის გათვალისწინებით, რას მოისმენს ვლადიმერ პუტინი ამერიკელებისგან და რუსული დელეგაციისგან, ამით ის თავად განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო სამოქმედო კურსს. თუმცა, ეს კურსი ისე იქნება სტრუქტურირებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა - მიზნებისა, რომლებიც პრეზიდენტმა 2024 წლის ივნისში ჩამოაყალიბა და მას შემდეგ უცვლელი დარჩა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები განსხვავდებოდა იმ სხვა სამმხრივი შეხვედრებისგან, რომლებიც აქამდე გამართულა - იმავე აბუ-დაბიში, ერ-რიადსა თუ სტამბოლში. აქცენტი გაკეთდა მთელ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ დისკუსიაზე და არა მხოლოდ უკრაინის საკითხზე.

ამ თემის არჩევა გარკვეულწილად გასაგებია. უშუალოდ ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე პროგრესი უკვე დიდი ხანია არ შეინიშნება. ამასთან, რუსეთს ომის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია საუბარი კონფლიქტის ე.წ. „გამომწვევ ძირეულ მიზეზებზე“, რომელთა შორისაც, კრემლის ხედვით, NATO-ს გაფართოებაც შედის.

მსგავსი მოლაპარაკებების წარმოებას მოსკოვი ულტიმატუმის ფორმით ჯერ კიდევ 2021 წელს ცდილობდა, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

უკრაინის პრიორიტეტები კი მის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ზამთრის მოახლოების ფონზე, კიევს სურს, ისაუბროს ენერგეტიკულ ზავზე, საბრძოლო მოქმედებების გაყინვაზე, შავ ზღვაში ნაოსნობის საკითხებსა და ჰუმანიტარულ ინიციატივებზე.

მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების ორგანიზატორებმა აშკარად მიიჩნიეს, რომ გლობალურ საკითხებზე საუბარი მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების მოტივაციას გაუჩენდა, რამაც გარკვეულწილად შედეგი გამოიღო.

დაკავშირებული ამბები
აბუ-დაბიში მოსკოვი და კიევი მხოლოდ სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს