საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყველგან უნდა აიკრძალოს, სადაც ის ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
17 ნოემბერს ექსპერტთა კომიტეტმა მას ხელოვნური ინტელექტისგან დაცვის შესახებ რეკომენდაციები უნდა წარუდგინოს.
ეს სფერო გაცილებით ნაკლებად არის შესწავლილი, ვიდრე სოციალური ქსელების გავლენა.
ამის შემდეგ, ქარტიის ფარგლებში, კვლევითი ლაბორატორიები ვალდებულებას აიღებენ, განახორციელონ მთელი რიგი ღონისძიებები. მათ შორისაა ბაზარზე გასატანი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემების დამოუკიდებელი შეფასება და მათი მოდელების მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფა.
მაკრონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ქარტია, რომელიც „ეროვნული და ევროპული საკანონმდებლო დისკუსიების ინფორმირებას ისახავს მიზნად“, სხვა კომპანიებთან ერთად ამერიკულ კომპანიებს - OpenAI-სა და Anthropic-საც გააერთიანებს.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, კომპანიები აიღებენ ვალდებულებას, დაიცვან „წინასწარი აუდიტისა და წინასწარი სერტიფიცირების პრინციპი, რაც გულისხმობს მოდელების წინასწარ შემოწმებას მანამ, სანამ ისინი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახდება“.
მაკრონმა ასევე ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოთა და მთავრობათა დაახლოებით 50-მა მეთაურმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კომპანიებმა, მკვლევრებმა და კვლევითმა ლაბორატორიებმა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ კოლექტიური უსაფრთხოებისთვის შექმნილი რისკები.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, ნიდერლანდებისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები, ასევე კომპანიების - OpenAI-ის, Anthropic-ის, Mistral-ისა და Microsoft-ის ხელმძღვანელები.
ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხზე რეგიონული მიდგომები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, განსაკუთრებით კი აშშ-ს, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის.
