ბარსელონაში მზარდი საცხოვრებელი ხარჯებისა და საბინაო კრიზისის წინაღმდეეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებით გაგრძელდა.
დემონსტრანტთა ნაწილმა ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა კონსტრუქცია დადგა და სამართალდამცავების მისამართით სხვადასხვა ნივთის, ქვების, ბოთლებისა და პიროტექნიკის სროლა დაიწყო.
ბარსელონას ცენტრში შეკრებილი ნიღბიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწია ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება.
სპეციალური დანიშნულების რაზმის წინსვლის შესაჩერებლად, აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო მუნიციპალურ ბალანსზე არსებული სხვადასხვა ატრიბუტიკის, ასევე სანაგვე ურნების ბარიკადებად გამოყენება და მათთვის ცეცხლის წაკიდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის რამდენიმე შემთხვევასაც, რა დროსაც პროტესტის ზოგიერთმა მონაწილემ მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრია და რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დააყაჩაღა.
ძალადობრივი შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც მანამდე მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციის მონაწილეთა ძირითად კოლონას ნიღბიანი ახალგაზრდების მცირე ჯგუფები გამოეყვნენ.
ბარსელონას პოლიციის შეფასებით, აქციაში 55 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 400 000-ს აღწევდა.
სამართალდამცავი სტრუქტურების თანახმად, არეულობისას 18 ადამიანი დააკავეს, რის შედეგადაც დღის განმავლობაში დაკავებულთა საერთო რაოდენობამ 20-ს მიაღწია.
კატალონიის რეგიონის ხელმძღვანელმა სალვადორ ილიამ ძალადობა დაგმო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სულისკვეთებას არ ასახავს.
არეულობა ესპანეთში 2012 წლის შემდეგ პირველი, 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვის ფონზე განვითარდა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის მასშტაბით სამუშაო პროცესის შეჩერებას. პროფკავშირების განცხადებით, გაფიცავს დაახლოებით ოთხი მილიონი დასაქმებული შეუერთდა.
პროტესტი ასახავს სოციალური უკმაყოფილების უფრო ფართო ტალღას, რომელიც ბოლო თვეებში პორტუგალიას, ბელგიას, საფრანგეთს, იტალიასა და გერმანიასაც მოედო. უკმაყოფილების ძირითადი მიზეზებია საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემა, ხელფასების სტაგნაცია და ინფლაცია.
ყველა ამ ქვეყანაში დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. ამ მხრივ, ყველაზე მძიმე სურათი საფრანგეთში 17 ოქტომბერს შეიქმნა, სადაც არეულობის შედეგებს ქვეყნის ხელისუფლება დღემდე ებრძვის.
ვითარებას ამწვავებს ის გარემოებაც, რომ პარიზი საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისშია - კენჭისყრის პროცესი მომდევნო წლის აპრილში უნდა შედგეს.
საფრანგეთის მსგავსად, საარჩევნო სამზადისშია ესპანეთიც, თუმცა პარიზისგან განსხვავებით, მადრიდის შემთხვევაში კენჭისყრა არაგეგმურია. იმის გათვალისწინებით, რომ 29 ნოემბრისთვის დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება, განვითარებული მოვლენები პედრო სანჩესის მთავრობაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს.
