მადრიდიდან ანდალუზიის რეგიონის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი იმავე ლიანდაგზე გაჩერებულ შემადგენლობას ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9:00 საათზე შეეჯახა.
სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Renfe-ს კუთვნილ მატარებელში 400-მდე მგზავრი იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, კერძო კომპანიის მატარებელი ამავე მიმართულების სარკინიგზო მონაკვეთზე გაჩერებული აღმოჩნდა, შეჯახების შედეგად კი რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, ნაწილი კი ფერდობზე ჩავარდა.
„ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. თუ დაუდევრობას ჰქონდა ადგილი, ამას აუცილებლად გავარკვევთ. თუ უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზები გამოვლინდა, მათ აღმოსაფხვრელად მტკიცედ და სრული პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ.
ცხადია, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩქაროსნულ მატარებლებთან დაკავშირებული ორი საშინელი ტრაგედია განვიცადეთ. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ამ ორი ავარიის გამომწვევი მიზეზები, სავარაუდოდ, ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. თუმცა, ამის განსაზღვრა ჩემი საქმე არ არის - ეს დამოუკიდებელი სარკინიგზო ავარიების საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული გამოძიებისა და მთლიანად სარკინიგზო სისტემის პასუხისმგებლობაა.
ერთი რამ ცხადია: თუ ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერება დაგვჭირდება, ამას აუცილებლად გავაკეთებთ,რადგან მიუღებელია, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც ესპანეთია, ერთი წლის განმავლობაში ჩქაროსნული მატარებლების ორი ასეთი კატასტროფა დაატყდეს თავს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ექსპერტები და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები საუბრობენ კატასტროფის გამომწვევ რამდენიმე შესაძლო ვერსიაზე.
მათი შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ყოფილიყო რკინიგზის უსაფრთხოების ავტომატური სისტემის შეფერხება, რა დროსაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა და უკან მომავალ მატარებელს დროულად ვერ შეატყობინეს მის წინ შემადგენლობის გაჩერების შესახებ.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის განმარტებით, 28 ოქტომბრის დილით კომპიუტერულ სისტემაში მომხდარმა შეფერხებამ მოძრაობაში მყოფი ექვსი მატარებლის იძულებითი გაჩერება გამოიწვია. მათ შორის იყო ის ორი მატარებელიც, რომელიც მოგვიანებით ერთმანეთს შეეჯახა. შეფერხებამ სარკინიგზო ხაზის დაახლოებით 70-კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა შეაჩერა.
ესპანელი მაღალჩინოსნის თქმით, „სისტემის შეფერხების შემთხვევაში, მართვა მატარებლების დისპეტჩერიზაციის ცენტრს გადაეცემა“. მანვე დასძინა, რომ სწორედ დისპეტჩერიზაციის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, მატარებლებს მოძრაობა სიჩქარის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განეახლებინათ.
მინისტრისთვის მიღებული გადაწყვეტილება „აუხსნელია“.
მოძრაობის განახლების ნებართვის მიღების შემდეგ, სახელმწიფო კომპანიის მატარებელმა გზა გააგრძელა და 25 კილომეტრი გაიარა, რის შემდეგაც გაჩერებულ მატარებელს შეეჯახა. მინისტრის განცხადებით, შეჯახების მომენტში მატარებლის სიჩქარე, შესაძლოა, „საათში 200 კილომეტრამდე ყოფილიყო.“
„მოძრაობის განახლების გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც სისტემა კვლავ გაუმართავი იყო, მართვის ცენტრმა მიიღო. სწორედ მართვის ცენტრია ის, რომელიც თავისი თანამშრომლების მეშვეობით იღებს გადაწყვეტილებას მატარებლების მარშრუტზე მოძრაობის განახლების შესახებ.
ჩვენი თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება აუხსნელ ვითარებაში იქნა მიღებული: გადაწყდა მოძრაობის განახლება მაშინ, როდესაც მატარებელი გაჩერებული იყო, ხოლო ურდას სადგურის შესასვლელთან წითელი სიგნალი ანთებული იყო.
ამასთანავე, მიღებული არ ყოფილა გადაწყვეტილება იმ რეჟიმით მოძრაობის შესახებ, რომელსაც ჩვენ შემცირებულ სიჩქარეს ვუწოდებთ. ეს არის სიჩქარე, რომელიც მემანქანეს საშუალებას აძლევს, ლიანდაგზე დაბრკოლების აღმოჩენის შემთხვევაში მატარებლის გაჩერება შეძლოს. ამ რეჟიმში მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე საათში 40 კილომეტრია.
სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მართვის ცენტრმა და ამის შესახებ ეცნობა მატარებელს, რომელიც მოგვიანებით კერძო მატარებელს შეეჯახა“, - განაცხადა ოსკარ პუენტემ, ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა.
მომხდარი ტრაგედიის გამო, ესპანეთის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა და დაგეგმილი ყველა გასართობი თუ სპორტული ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს ესპანეთისთვის ეს მეორე სარკინიგზო კატასტროფაა.
ზამთარში ამავე ხაზზე მომხდარ ტრაგედიას 46 ადამიანი ემსხვერპლა.
