კატეგორიები

მარჯნებიდან საიგამდე - როგორ აღადგენენ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს ომანსა და უზბეკეთში

მარჯნებიდან საიგამდე - როგორ აღადგენენ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს ომანსა და უზბეკეთში
მეცნიერები და ბუნების დამცველები  კვლევის, ტექნოლოგიებისა და ფიზიკური შრომის საშუალებით ცდილობენ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ბუნების გადარჩენას, იქნება ეს სითბოს ამტანი მარჯანი, როელიც ომანის ყურეში იზრდება, თუ  უსტიურტის პლატოზე მცხოვრები საიგა.

ველური ბუნების სახეობები ისე სწრაფად ქრება, როგორც არასდროს, უკვე გადაშენებულ სახეობას კი აღარაფერი ეშველება. თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი სახეობების აღდგენა სავსებით შესაძლებელია. ომანის ყურეში მარჯნებს ხელით რგავენ, ხელოვნური ინტელექტი კი კუს სახეობების დაცვას უწყობს ხელს. ომანის ყურეშუ მუშაობს ზღვის კვლევის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალი  ცენტრი, სადაც მეცნიერები თვალს ადევნებენ, თუ როგორ  მწიფდება კრიზისი.

„ოკეანე უაღრესად მნიშვნელოვანია,“ - ამბობს  პროფესორი სტივენ უიდიკომბი, შარჯის ზღვის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი. „ოკეანეებს პლანეტაზე სიცოცხლისთვის ვარგისი სივრცის 90% უკავიათ. ოკეანე მძიმე მდგომარეობაშია. მას უამრავი საფრთხე ემუქრება — იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ზღვის დაბინძურება თუ ადამიანის საქმიანობა, რაც სახეობათა გადაშენებას იწვევს და ბიომრავალფეროვნებას ამცირებს“.

ამ ლაბორატორიაში მეცნიერები ხელოვნურად ქმნიან ისეთ გარემოს, როგორიც ოკეანეში სამომავლოდ ჩამოყალიბდება, რათა თადარიგი დროზე დაიჭირონ.

„რადგან ოკეანის დათბობასთან ერთად იცვლება წყლის ქიმიური შემადგენლობა და მცირდება წყალში ჟანგბადის წილი, ჩვენ წინაშე იშლება სურათი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორი იქნება მომავალში ზოგიერთი ოკეანე“, - განმარტავს პროფესორი სტივენ უიდიკომბი.

აქ მკვლევრები ოკეანის მეცნიერული კვლევის წინა ხაზზე დგანან — იცავენ ჩვენს ოკეანეებს და, ამავდროულად,  მომავლის მეცნიერებს ამზადებენ. თუმცა მათ მიერ შესწავლილი სახეობებიდან ორი ყველაზე ნათლად მოგვითხრობს მეცნიერების ღვაწლის შესახებ.

„კუ მნიშვნელოვანი სახეობაა,“ - ამბობს პროფესორი სტივენ უიდიკომბი. „ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზღვის ეკოსისტემისთვის. კუს სახეობების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა ინფორმაციას გვაწვდის, თუ რამდენად ჯანსაღია მთლიანად ეკოსისტემა.  რაც შეეხება მარჯანს,  ის ხელს უწყობს ისეთი გარემო პირობების შექმნას, რომელიც აუცილებელია მრავალი სხვა ცხოველის გადასარჩენად“.

ერთ-ერთი ასეთი სახეობა ჯერ კიდევ დინოზავრების დროიდან შემორჩა და ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას ყველაზე კარგად აჩვენებს.

„კუ უბრალოდ ყველასთვის საყვარელი სახეობა არ არის,“ - განმარტავს დოქტორი ჯონ ლაფეირა, ასისტენტ-პროფესორი ზღვის ბიოლოგიის საკითხებში. „მის სახეობებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ ზღვის ეკოსისტემაში და, შესაბამისად, ისინი ხელს უწყობენ, რომ ზღვის  ეკოსისტემა იყოს ჯანსაღი“.

ბოლო დროს კი ამ სანაპიროზე კუმ გამრავლება დაიწყო.

„აქ მობინადრე კუს  95%, რომლებსაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირადად გადავუღე ფოტო,  ახალგაზრდაა,“ - ამბობს დოქტორი ჯონ ლაფეირა. „ეს კი ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ მისი პოპულაციის საქმე კარგად მიდის“.

მეორე მნიშვნელოვანი სახეობა - მარჯნის რიფები სანაპიროდან მოშორებით, სიღრმეში იზრდება. არადა, მთელ მსოფლიოში მისი მსგავსი რიფები კვდებიან.

პროფესორი ჰენრიკ სტალი, შარჯის ზღვის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კვლევისა და ინოვაციის განყოფილების ხელმძღვანელი

„მსოფლიომ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება მარჯანს, რადგან თუ მარჯნის რიფებს დავკარგავთ, ოკეანეში ბიომრავალფეროვნების უზარმაზარი ნაწილიც გაქრება,“ - ამბობს  პროფესორი ჰენრიკ სტალი, შარჯის ზღვის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კვლევისა და ინოვაციის განყოფილების ხელმძღვანელი. „დღეს ნახევარ მილიარდამდე ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად არის დამოკიდებული მარჯნის რიფებზე“.

აქაური მარჯანი ისეთ სიცხეს უძლებს, რომელიც სხვა ნებისმიერ ადგილას გაანადგურებდა მსგავს რიფებს.

„აქაურ მარჯნის რიფებზე ჩატარებულ კვლევებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდონ იმის შესახებ, თუ როგორ  განვითარდება მოვლენები მსოფლიოს სხვა ადგილებში  — იქ, სადაც ტემპერატურა აქაურისგან განსხვავდება“, - განმარტავს პროფესორი ჰენრიკ სტალი.

თუმცა აქ მხოლოდ ზარალს კი არ ითვლიან, არამედ იმაზეც ზრუნავენ, თუ როგორ აღკვეთონ დანაკარგი. ამიტომ ხელით სათითაოდ რგავენ მარჯნის პოლიპებს.

„აქ, ლაბორატორიის გარეთ არსებული მარჯნის სანერგეები, არსებითად, ზღვის ფსკერზე დამაგრებული მაგიდებია,“ - ამბობს პროფესორი ჰენრიკ სტალი. „ამ მაგიდებზე პატარა მარჯნებს ოპტიმალურ პირობებში რგავენ, ისინი იზრდებიან და ახალ მარჯნებს წარმოქმნიან, რადგან მარჯანი სინამდვილეში ცხოველია“.

თუმცა ბუნების აღდგენისთვის  მხოლოდ ოკეანეში არ იბრძვიან. აქედან ათასობით კილომეტრის მოშორებით - უზბეკეთში -  ხმელეთზეც მიმდინარეობს ანალოგიური ბრძოლა — უდაბნოს პლატოზე მცხოვრები საიგასა და მაღალ მთაში გავრცელებული რქახრახნილი თხის გადასარჩენად.

 უსტიურტის პლატოზე სადღაც საიგების ჯოგი დარბის. ოცდაათი წლის წინ ამ რეგიონში საიგების რაოდენობა მილიონს აღწევდა. დღეს კი მილიონის მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებიღაა შემორჩენილი. მათ დაცვას უზბეკეთში საიგაჩიის ნაკრძალი ემსახურება.

საიგების რაოდენობის კატასტროფული შემცირების შემდეგ უსტიურტის პლატოზე საიგების გავრცელების უზბეკური არეალი ამ სახეობის გადარჩენის საცდელ სივრცედ იქცა.  საიგების გადარჩენა დამოკიდებულია სამ ფაქტორზე: თუ რამდენად ახერხებენ ეს ცხოველები გადაადგილებას, წყლის პოვნას  და რამდენად დაცული არიან. საიგაჩიის ნაკრძალი ექვსასი ათას ჰექტარზე მეტს მოიცავს. აქ ბუნების დაცვა ექსტრემალურ პირობებში მუშაობას ნიშნავს.

„როცა აქ პირველად ჩამოვედით, მხოლოდ ორი-სამი საიგა გვხვდებოდა,“ - განმარტავს ორტიქბეკ საიდულაევი,საიგაჩიის კომპლექსური ლანდშაფტის ნაკრძალის მთავარი ინსპექტორი. „დღეის მდგომარეობით კი უკვე  მუდმივი პოპულაციის შექმნა შევძელით. ამ მიზნით ზამთრის თვეებში ბიოტექნიკურ ღონისძიებებს ვატარებთ — კერძოდ, მოგვაქვს მარცვლეული და სხვა სახის საკვები. ზაფხულში კი წყალს ვტუმბავთ და დასარწყულებელ ადგილებამდე მიგვაქვს, რითაც ველურ ცხოველებს გვალვიანი სეზონის გადატანაში ვეხმარებით“.

ეს უდაბნო უფრო ფართო მიგრაციული მარშრუტის ნაწილია. ვინაიდან საიგები საკვებისა და უფრო რბილი კლიმატის საძიებლად საზღვრებს კვეთენ, ამ ჰაბიტატის შენარჩუნება სახეობის გადარჩენას უწყობს ხელს. უფრო დასავლეთით, ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში, სუდოჩიეს ტბა საიგების შესახებ საკუთარ ამბავს გვიყვება. ოდესღაც ეს ტბა არალის ზღვის ყურე იყო, მაგრამ ზღვის უკან დახევის შედეგად დამოუკიდებელ ტბად გადაიქცა. დღეს ის გადამფრენი ფრინველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესვენების ადგილია.

სულის მოსათქმელი ადგილისთვის კი წყალი აუცილებელია. ფრინველები აქ იმიტომ ჩერდებიან, რომ საკვები მიიღონ, დაისვენონ და მოღონიერდნენ.  თუმცა ტბაში წყლის დონის კლება აქაურ ჰაბიტატს ცვლის.

„ტბებში წყლის დონე წლიდან წლამდე იკლებს,“ - ამბობს ტოხტამურად აიმურადოვი, სუდოჩიე-აკპეტკის  ველური ბუნების სახელმწიფო ნაკრძალის უფროსი სპეციალისტი. „წყლის დონის  შემცირებასთან ერთად მარილიანობა იზრდება. მას გავლენა აქვს ველურ ბუნებაზე და შესაძლოა ცხოველები აიძულოს, დატოვონ ეს ტერიტორია“.

ფლამინგოები გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგანან. უზბეკეთში ისინი მხოლოდ აქ ბუდობენ. თუ წყლის დონე კლებას განაგრძობს, სუდოჩიემ შესაძლოა გამრავლების ადგილის ფუნქცია დაკარგოს და მხოლოდ გადაფრენის მარშრუტის ნაწილად დარჩეს. უფრო სამხრეთით მთავარი გამოწვევა წყალი კი არა - უსაფრთხოებაა. კუგიტანგის მთებში სურხანის სახელმწიფო ნაკრძალი იცავს ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ მთიანეთში თითქმის სრულად გადაშენდა — ესენია რქახრახნილი თხა (მარხორი) და ბუხარული ჯიხვი (ურიალი).

„ველური ბუნების აღრიცხვა წელიწადში ორჯერ ტარდება. 2025 წლის ნოემბერში ჩვენ აღვრიცხეთ 981 რქახრახნილი თხა  და 137 ბუხარული ჯიხვი“, - განმარტავს მუჰიდინ მამათქულოვი, სურხანის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორის მოადგილე.

ამ მონაცემების შეგროვება ძალიან რთულია. ბევრი ცხოველი ციცაბო ფერდობებზე ბინადრობს და მათ იშვიათად თუ მოკჰრავთ თვალს, ამიტომ ნაკრძალში საველე პატრულირება სამეცნიერო მონიტორინგსაც ითავსებს.

„ამჟამად ნაკრძალის ტერიტორიაზე 32 ფოტოხაფანგი გვაქვს,“ - ამბობს უმიჯონ მურთაზაევი, სურხანის სახელმწიფო ნაკრძალის უფროსი მკვლევარი. „ეს მოწყობილობები ველური ბუნების ცხოვრების რიტმს მთელი დღე-ღამის განმავლობაში აფიქსირებს და გვეხმარება, შევისწავლოთ იშვიათი სახეობები, მათი ქცევა, გამრავლების დინამიკა და მიგრაციის თავისებურებები“.

ტექნოლოგია დიდი შეღავათია, თუმცა ცხოველების დაცვა ძირითადად ნაკრძალში დასაქმებული რეინჯერების იმედად რჩება. მათ ევალებათ, დააკვირდნენ მცენარეებსა და ცხოველებს, ასევე ცხოველთა გადაადგილების კვალს  ნაკრძალის ტერიტორიაზე.

„ხშირად გვიანობამდე ვრჩებით, რადგან ბევრი ცხოველი საღამოობით უფრო აქტიურია. სწორედ ამ დროს ვატარებთ მონიტორინგის დიდ ნაწილს“, - განმარტავს ბობუ ეშონიევი, სურხანის სახელმწიფო ნაკრძალის რეინჯერი.

სურხანში ჩატარებული უახლესი აღრიცხვის მონაცემები მკაფიოდ მიანიშნებს, რომ საქმე კარგად მიდის. რქახრახნილი თხების რაოდენობა იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრძალის გარშემო სხვადასხვა საფრთხე ისევ არსებობს.

არსად გამქარალა ისეთი საფრთხეები, როგორებიცაა ბრაკონიერობა, შინაური პირუტყვის გავლენა და დაქუცმაცებული ჰაბიტატი. მაგრამ აქ, უზბეკეთის ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ მთიან რეგიონში, ამ ცხოველების რაოდენობა იზრდება. ეს ნაკრძალი ნათელი მაგალითია იმისა,  რომ თუკი ძალ-ღონეს არ დაიშურებ, ველური ბუნების აღდგენა შესაძლებელია.

ის, რაც ხდება ომანის ყურესა და უზბეკეთში,  ადასტურებს, რომ ჩვენი პლანეტის დაცვა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ იცავენ კიდეც იქ, სადაც ადამიანი მოქმედებას ირჩევს. ჩვენი გადაცემა  ამით სრულდება. მომავალშიც გვიყურეთ და გაიგეთ მეტი იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენი პლანეტის დაცვას ემსახურება.

ავტორები: ტობი გრეგორი და რუქშონა რახმატულაევა   

დაკავშირებული ამბები
მარჯნებიდან საიგამდე - როგორ აღადგენენ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს ომანსა და უზბეკეთში ბრაზილიაში ამაზონის ტყეების ჩეხვის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა