რამდენიმე ამერიკული და ისრაელური მედიასაშუალების ცნობით, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებს ეყრდნობა, ავიაკომპანია FlyDubai-ის რეისის მეორე პილოტს განზრახული ჰქონდა თვითმფრინავის ჩამოგდება და მისი შეჯახება ბენ-გურიონის სახელობის თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტზე.
ამავე ცნობების მიხედვით, ომანის მოქალაქე, რომელსაც წყაროები ხამამ ალ-ხამამის უწოდებენ, დიდი ალბათობით, დამოუკიდებლად მოქმედებდა.
მედიასაშაულებების თანახმად, ეკიპაჟის მეთაურზე, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩხარზე ცივი იარაღით თავდასხმის შემდეგ, ალ ხამამი აპირებდა ფრენის გაგრძელებას ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტისკენ, ჩვეულებრივი სქემებისა და დაშვების პროტოკოლის შესაბამისად, თუმცა ბოლო მომენტში გეგმავდა 180-მდე მგზავრით სავსე ბორტის მიწისკენ მიმართვას.
საქმის ირგვლივ ინფორმირებული ისრაელური მედიასაშუალებების ცნობით, მეორე პილოტი თავდასხმას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდა და წარსულში, გარკვეული ინფორმაციის მოპოვების სანაცვლოდ, არაერთხელ ეწვია ისრაელს.
ისრაელის მე-12 არხიც იუწყება, რომ თელ-ავივმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სთხოვა დასაკითხ პირთა წრის გაფართოება და მასში რეისის მთელი ეკიპაჟის ჩართვა, რადგან სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იმ საშინელ წუთებში - მას შემდეგ, რაც მეორე პილოტმა კაპიტანს დარტყმა მიაყენა და მანამდე, ვიდრე მგზავრები კაბინაში შეიჭრნენ, თავდამსხმელი გაანეიტრალეს და ფრენის სტაბილიზაციაში დაეხმარნენ.
დუბაი - თელ-ავივის რეისზე 30 სექტემბერს განვითარებული მოვლენები ისრაელის ხელისუფლებამ მალევე შეაფასა როგორც „ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“, ხოლო ბორტზე მყოფ პირებს, რომლებმაც მთავარი პილოტი სიკვდილს გადაარჩინეს, 174 მგზავრი კი ავიაკატასტროფისგან იხსნეს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „გმირები“ უწოდა.
მისივე თქმით, მათ შეძლეს „ახალი 11 სექტემბრის თავიდან აცილება“.
