საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ყრილობაზე მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.
პარტიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მოქალაქეთა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარი უკმაყოფილება არჩევნებზე მარინ ლე პენის მხარდაჭერით გამოხატოს.
პარიზში მომხდარი შეტაკებები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის დიდი გამოწვევაა. განათლების არასაკმარისად დაფინანსებისა და ცხოვრების ხარჯების მკვეთრი ზრდის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში 400 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
ამ და სხვა პრობლემებზე საუბრისას მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ სურს აღადგინოს „პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი, რომელსაც სერიოზული ზიანი მიადგა“.
„ჩვენ მოგვიწევს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლის აღდგენაც, რომელსაც სერიოზული ზიანი მიადგა. პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომელიც ჩვენი სახელმწიფო წყობის ქვაკუთხედია, პრესტიჟი, სახე და ავტორიტეტი, ასევე, ვიტყოდი, თავშეკავებულობაც უნდა დავუბრუნოთ.
სწორედ ამიტომ, მიუკერძოებლობის ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, პარტია „ეროვნული გაერთიანების“ პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვე, ხვალ კი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტსაც დავტოვებ. მინდა, საფრანგეთის მოსახლეობა დარწმუნებული იყოს, რომ ისინი ირჩევენ ქალს, რომელიც არცერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს არ გაატარებს“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
უტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, რომელსაც გაზაფხულზე ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს, ცდილობს მასობრივი არეულობებით გამოწვეული საზოგადოებრივი უკმაყოფილება საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერად აქციოს.
მიმდინარე წლის დასაწყისში პარიზის სააპელაციო სასამართლომ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის გზა გაუხსნა და შეუმცირა საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა, რომელიც მის გეგმებს საფრთხეს უქმნიდა.
ორდღიანი ყრილობის ფარგლებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ პარტიის ლიდერად ჟორდან ბარდელა ხელახლა აირჩია. ბარდელა თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო და ხმების თითქმის 99% მიიღო. 31 წლის პოლიტიკოსი პარტიას 2022 წლიდან ხელმძღვანელობს.
თანამდებობაზე ხელახლა არჩევის შემდეგ პორველ გამოსვლაში ბარდელამ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საფრანგეთი „ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე დგას“.
„საფრანგეთი თავისი ისტორიის გარდამტეხ ეტაპზეა და დამიჯერეთ, ყველაზე დიდი საფრთხე ცვლილებების არჩევა კი არა, ძველი გზის გაგრძელება იქნება. ამიტომ, ექვს თვეში საფრანგეთის მომავალი თქვენს ხელში აღმოჩნდება. თქვენ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ თავიდან დაწყებასა და დანებებას შორის, იმედსა და წარუმატებლობას შორის. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის არჩევანია“, – განაცხადა ჟორდან ბარდელამ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2027 წლის 18 აპრილს არის დაგეგმილი. მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, ჟორდან ბარდელამ შესაძლოა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.
