კატეგორიები

დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

დონალდ ტრამპმა  UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია UFC-ის ხელმძღვანელს, დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ შაბათს პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა და დასძინა, რომ უაითი „ისეთი პრესმდივანი იქნება, როგორიც აქამდე არავის უნახავს“.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დიდებულ დანა უაითს, ძლიერ მებრძოლსა და მეომარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. მე მას ვთხოვე, თან თანაშემწეებიც მოიყვანოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ არის. ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი და კაილა ჰარისი. ეს ადამიანები გვჭირდება, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დავიცვათ თავი. დანა ისეთი პრესმდივანი იქნება, როგორიც აქამდე არავის უნახავს. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

შაბათს საღამოს ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას, დანა უაითს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში „სწორედ ახლა“ მიემგზავრებოდა და ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს შეხვდებოდა.

„დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ სალაპარაკო მეტი გვექნება“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ისედაც „ბევრი საქმე“ აქვს.

მანამდე უაითმა Instagram-ზე გააზიარა ფოტო, რომელზეც იგი თეთრი სახლის პრესმდივნის ტრიბუნასთან დგას. ფოტოს თან ახლდა წარწერა: „ახალი ეტაპისკენ“.

ტრამპსა და უაითს წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. დონალდ ტრამპი UFC-ის ღონისძიებებს რეგულარულად ესწრება, უაითი კი პრეზიდენტის არაერთ წინასაარჩევნო შეკრებაზე გამოვიდა სიტყვით. მათ შორის 2025 წლის იანვარში, ინაუგურაციის წინა დღეს გამართულ ღონისძიებაზე.

თეთრის სახლის ახალი პრესმდივნის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქეითი ზაქარიამ თანამდებობა დატოვა. მან ამ პოზიციაზე ხუთ დღეზე ნაკლები იმუშავა და გადადგომის გადაწყვეტილება პირველი, საკმაოდ უხერხული პრესკონფერენციის შემდეგ მიიღო.

მისმა წინამორბედმა, ქეროლაინ ლევიტმა აგვისტოში განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა, რათა ოჯახისთვის მეტი დრო დაეთმო.

„ქეროლაინი თეთრი სახლის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პრესმდივანი იყო“, – დაწერა მაშინ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა დატოვებს თუ არა რუბიო თანამდებობას? - სახელმწიფო მდივნის შესაძლო გეგმების შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს