კატეგორიები

დატოვებს თუ არა რუბიო თანამდებობას? - სახელმწიფო მდივნის შესაძლო გეგმების შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს

დატოვებს თუ არა რუბიო თანამდებობას? - სახელმწიფო მდივნის შესაძლო გეგმების შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს
ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, არსებობს შანსი, რომ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელთა“ მიერ დაფიქსირებული შედეგები გახდეს შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი.

გამოცემის ცნობით, შესაძლოა, მაღალჩინოსანმა ახლო მომავალში დატოვოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და დაიწყოს „რესპუბლიკური“ პარტიის სახელით 2028 წლის საპრეზიდენტი არჩევნებისთვის მზადება.

The Independent-ის წერს, რომ შიდა წყაროების ინფორმაციით, რუბიოს მიაჩნია, რომ საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივების გასაუმჯობესებლად საჭიროა, გაემიჯნოს საკამათო პოლიტიკას, მათ შორის ირანთან ომს, რათა მთავარ კონკურენტს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს დაუპირისპირდეს.

საზოგადოების უკმაყოფილების ფონზე, რომელიც ენერგიის გაძვირებას, საგარეო პოლიტიკასა და „დემოკრატების“ მხრიდან იმპიჩმენტის შესაძლო პროცედურებს უკავშირდება, ადმინისტრაცია, შესაძლოა, ტრამპის კაბინეტის კიდევ ხუთამდე წევრმა დატოვოს.

ამავე შიდა წყაროების თანახმად, თუკი მოქმედი სახელმწიფო მდივანი არ გაემიჯნება თეთრი სახლის ლიდერის შეხედულებებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ დააზიანებს მის საპრეზიდენტო პერსპექტივებს.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ როგორც ირანისადმი პოლიტიკის, ისე უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის საკითხებში, მარკო რუბიო დიდწილად ჩამოშორებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესს. მის ნაცვლად უპირატესობა ენიჭებათ ტრამპის, როგორც სტატიის ავტორი ამბობს, „არაპროფესიონალ წარმომადგენლებს“ - უძრავი ქონების დეველოპერს, სტივ უიტკოფს, რომელიც „სამშვიდობო მისიების სპეციალურ წარმომადგენლად“ დაინიშნა, და პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს.

მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციის უმაღლეს ეშელონებში რუბიოს გავლენიანმა პოზიციამ იგი დონალდ ტრამპის შესაძლო მემკვიდრისთვის განკუთვნილ პოლიტიკურ რბოლაში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად აქცია, იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ გადაწყვეტს, რაც მას, შტატების კონსტიტუციის მიხედვით ისედაც ეკრძალება, ოვალურ კაბინეტში ორი ვადით ყოფნის გათვალისწინებით.

თუმცა, საპრეზიდენტო კამპანიის მეორედ წამოწყება გარდაუვლად გამოიწვევდა რუბიოს როლის უფრო დეტალურ შესწავლას ადმინისტრაციის საკამათო პოლიტიკაში ლათინურ ამერიკაში. მათ შორის, ყურადღების ცენტრში მოექცეოდა კარიბის ზღვის აუზში მცირე ზომის ნავებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების კამპანია.

აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ამ ნავებით ნარკოტიკები გადაჰქონდათ, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნულ ოპერაციებს სასამართლოს გარეშე განხორციელებულ სიკვდილით დასჯად აფასებენ.

რუბიო ასევე წამყვან როლს ასრულებდა თეთრი სახლის მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან ჩამოყალიბებული მჭიდრო და გაუმჭვირვალე ურთიერთობის ზედამხედველობაში. ეს ურთიერთობა მას შემდეგ განვითარდა, რაც იანვარში აშშ-ის მიერ ორგანიზებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ნიკოლას მადურო ხელისუფლებას ჩამოაშორეს.

საგულისხმოა, რომ ბრიტანული გამოცემის ცნობა, რომელიც სწრაფადვე გავრცელდა ოკეანის მიღმაც, თავად სახელმწიფო მდივანმა კატეგორიულად უარყო.

New York Times-თან ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მისი გუნდისთვის მუშაობა „ყოველთვის იყო მის გეგმებში“, ხოლო 2028 წლის შესახებ „აღარ აპირებს საუბარს“.

დაკავშირებული ამბები
დატოვებს თუ არა რუბიო თანამდებობას? - სახელმწიფო მდივნის შესაძლო გეგმების შესახებ ბრიტანული გამოცემა წერს „რესპუბლიკელები“ ტრამპს აკრიტიკებენ - არჩევნებში მარცხის მიზეზად ვენსი ირანში ომს ასახელებს