კატეგორიები

„რესპუბლიკელები“ ტრამპს აკრიტიკებენ - არჩევნებში მარცხის მიზეზად ვენსი ირანში ომს ასახელებს

„რესპუბლიკელები“ ტრამპს აკრიტიკებენ - არჩევნებში მარცხის მიზეზად ვენსი ირანში ომს ასახელებს
შუალედურ არჩევნებში განცდილ მარცხს, თანაც „დემოკრატების“ დიდი უპირატესობით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები დონალდ ტრამპის პოლიტიკას აბრალებენ.

ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომლის 2028 წლის საპრეზიდენტო ამბიციები, შესაძლოა, დასრულდეს - განსაკუთრებით თეთრი სახლის მოქმედ ლიდერთან ამგვარი დისტანცირებისა და კონფრონტაციის გათვალისწინებით.

„რესპუბლიკელი“ ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რომ არა ირანში ვაშინგტონის მიერ წარმოებული ომი, კენჭისყრის შედეგები ბევრად განსხვავებული იქნებოდა.

საგულისხმოა, რომ ვრცელი განცხადება ვენსმა პლატფორმა X-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და არა თანამდებობრივზე, სადაც ჩამოთვალა მარცხის მომტანი ძირითადი გარემოებები:

„თუ გსურთ ამტკიცოთ, რომ ეს ომი ღირდა იმ ფასად, რომელიც გადავიხადეთ - კერძოდ, სენატის მომდევნო ექვსი წლით დაკარგვად - მაშინ ასე თქვით. ამტკიცეთ, რომ ეს ფასი მისაღები იყო.

ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, ასეთი პოზიცია მაინც გულწრფელი იქნება. მაგრამ ყველამ იცის, რატომ დავმარცხდით. და ნებისმიერი გულწრფელი საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. მე კვლავაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ.

მათ, ვინც გაბრაზებულია და ამბობს: „მე ხომ გეუბნებოდითო“, ვეტყვი - მართალი ხართ, თქვენ ამას მართლაც ამბობდით. ახლა ეს ენერგია მიმართეთ იმ რესპუბლიკელების არჩევისკენ, რომლებიც თქვენს შეხედულებებს იზიარებენ.

ხოლო მათ, ვინც უბრალოდ არჩევნების შედეგებით არის გაბრაზებული, ვეტყვი: ასეც უნდა იყოთ. მოდით, ეს ბრაზი საქმედ ვაქციოთ და კვლავ დავუბრუნდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას“, - დაწერა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

არჩევნებში მარცხის მიზეზად ირანის ომი დაასახელა თავად დონალდ ტრამპმაც, თუმცა დასძინა, რომ არ ნანობს მიღებულ გადაწყვეტილებას და ამ ნაბიჯს „ისევ გადადგამდა“.

„ვფიქრობ, ეს დიდწილად მართალია, რადგან ამან მოკლევადიან პერსპექტივაში ბენზინის ფასი ცოტათი გაზარდა. ალბათ, ეს მართლაც ასეა. მაგრამ, ამავე დროს, იგივე გადაწყვეტილება თავიდან რომ მქონდეს მისაღები, კვლავაც იმავეს გავაკეთებდი. იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ერთადერთი გამოსავალია. ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მისცე…

სხვა არჩევანი უბრალოდ არ გქონდა. ვფიქრობდი, რომ ნავთობის ფასი გაცილებით მეტად გაიზრდებოდა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ გათვლით მივიღე. სხვა არჩევანი არ გაქვს. ეს უნდა გააკეთო. ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მისცე, თორემ ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, აღარ არსებობდეს. შესაძლოა, ეს შენობაც კი ერთადერთი იყოს, რომელიც გადარჩება...

ალბათ დემოკრატებთანაც შევძლებ თანამშრომლობას, თუ ისინი დესტრუქციულად მოქმედებას არ დაიწყებენ, თუმცა მათ ვეტოს უფლება აქვთ. ამიტომ, თუ არ მოგვწონს ის, რასაც აკეთებენ, შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ. მათ უკვე დაგვიკავშირდნენ და სხვადასხვა საკითხზე საუბარი სურთ. ეს მისაღებია. მაგრამ, დიახ, ირანთან დაკავშირებით ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო და ჩვენ ამ მიმართულებით მოქმედებას კვლავ ვაგრძელებთ.

ამჟამად ჰორმუზის სრუტიდან უზარმაზარი რაოდენობის ნავთობი გადის. თავიდან კი იქიდან საერთოდ არაფერი გადიოდა. ალბათ, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი. ვგულისხმობ ფასს და არა ომს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

შტატებში ჩატარებული სხვადასხვა სოციალური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ირანში წარმოებული ომი ნამდვილად არ სარგებლობს დიდი მხარდაჭერით ამერიკულ საზოგადოებას შორის, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის შიგნით მცხოვრებ მოქალაქეთა ყოველდღიურობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე აისახა. ომმა გააძვირა არამხოლოდ საწვავი, არამედ პირველადი საჭიროების საქონელიც.

მოქალაქეები გამოკითხეს არჩევნების დღესაც, სადაც უმრავლესობამ სამხედრო მოქმედებები არამხოლოდ შეცდომად მიიჩნია, არამედ თქვა, რომ ხმის მიცემისას ეს საკითხი აღმოჩნდა მათთვის უმთავრესი გადაწყვეტილების მისაღებად.

საგულისხმოა, რომ ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ვენსი ომის მიმართ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს არ იჩენდა. გარდა ამისა, ის აქტიურად მონაწილეობდა ირანთან მოლაპარაკებებში. თუმცა ვიცე-პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ საჯარო განცხადებებში პრეზიდენტის პოზიციას არ უნდა დაშორებოდნენ.

დაკავშირებული ამბები
„რესპუბლიკელები“ ტრამპს აკრიტიკებენ - არჩევნებში მარცხის მიზეზად ვენსი ირანში ომს ასახელებს დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს - ტრამპი მარცხს აღიარებს