ამერიკისთვის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები „დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვებით დასრულდა.
კენჭისყრა, რომელიც დონალდ ტრამპის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ერთგვარ „საზომად“ განიხილებოდა, შტატების მოქმედი პრეზიდენტისთვისა და „რესპუბლიკელებისთვის“ მარცხის მომტანი აღმოჩნდა, რადგან მათ დაკარგეს კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე - სენატსა და წარმომადგენელთა სახლზე.
სხვა წინა არჩევნებისგან 3 ნოემბრის კენჭისყრას ისიც განასხვავებდა, რომ „რესპუბლიკელებმა“ ვერ იმარჯვეს მათთვის ტრადიციულად ძლიერ შტატებში - ოჰაიოში, კანზასსა და ტეხასში - ველური დასავლეთის რეგიონში „დემოკრატების“ კანდიდატმა ბოლო 32 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა უპირატესობა, კანზასს კი დემოკრატი სენატორი ბოლო 94 წლის განმავლობაში არ ჰყოლია.
მარცხის გამო, დონალდ ტრამპმა ტეხასში საკუთარ კანდიდატს „მხოლოდ სახელით რესპუბლიკელი“ უწოდა.
„ახლახან ტეხასი დავიბრუნეთ! ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოში არსებული მთელი ფული ვერ აღემატება ტეხასის ხალხის ძალას.
ჩვენ დავანახეთ ყველას, რომ დაპირისპირებაზე აგებული პოლიტიკა ვერ დაამარცხებს სიყვარულზე დაფუძნებულ პოლიტიკას.
ჩვენ ასევე მკაფიო გზავნილი გავუგზავნეთ ყველა მილიარდერ მსხვილ დონორს, ყველა ტრილიონერ დონორს და ამ შტატსა თუ მთლიანად ქვეყანაში არსებული მოშლილი პოლიტიკური სისტემის ყველა კორუმპირებულ დამცველს: ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის!“ - განაცხადა ჯეიმს ტალარიკომ, ტეხასის არჩეულმა სენატორმა.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისას, ზოგიერთ შტატზე დაყრდნობით უკვე ცნობილი იყო, რომ ტრამპის მეტოქე პარტიას უმრავლესობის მოპოვება შეეძლო და სურათს ვერც ის მოცემულობა შეცვლიდა, თუ „დემოკრატების“ კანდიდატები მიჩიგანსა და მინესოტაში წააგებდნენ.
სამხრეთ კაროლინაში ენი ენდრიუსმა გამარჯვება მოიპოვა მოქმედ რესპუბლიკელ სენატორ დარლინ გრემთან, რომელიც ტრამპმა პირადად შეარჩია კანდიდატის გარდაცვლილი ძმის, ლინდსი გრემის ნაცვლად.
ოჰაიოში კი „დემოკრატმა“ შეროდ ბრაუნმა მოიპოვა სენატორის მანდატი, რომელსაც სულ რაღაც ორი წლის წინ ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იკავებდა.
„მინდა, მივმართო ყველა ამერიკელს, რომელიც დღევანდელი არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია. მეც იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვკარგავთ მხნეობას, გასაგებია?
იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიოში უდიდებულეს ქვეყანაში ვცხოვრობთ. მილიონობით ამერიკელმა ხმა იმიტომ მისცა, რომ საკუთარი ქვეყანა უყვარს. მათ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, რადგან შეშფოთებულნი არიან იმ მიმართულებით, საითაც დემოკრატებს ქვეყანა მიჰყავთ, და მათი სოციალისტურ-მარქსისტული პლატფორმის მხარდაჭერით, რომელიც ყველგან ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ისტორიულად, ყოველ ჯერზე, როდესაც ეს იდეოლოგია პრაქტიკაში სცადეს, შედეგი ადამიანთა ტანჯვა, უბედურება, ტკივილი და სიკვდილიც კი იყო...
რესპუბლიკელები ერთი არჩევნების შედეგით გზიდან არ გადაუხვევენ. იცით, სინამდვილეში რას ვაკეთებთ ასეთ დროს? ჩვენს ძალისხმევას ორმაგად ვაძლიერებთ! დიახ, ორმაგად!
ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას ჩვენი გონივრული პოლიტიკური დღის წესრიგით და იმ ხედვით, რომლის მიზანიც ამერიკის კვლავ დიდებულ ქვეყნად ქცევაა - „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“
და 2028 წელს ჩვენ წარმომადგენელთა პალატას დავიბრუნებთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ! გასაგებია?!“ - განაცხადა მაიკ ჯონსონმა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
შტატების პრეზიდენტმა დამარცხება აღიარა.
The New York Times-სთან ინტერვიუსას, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიიღებს არჩევნების შედეგებს და ითანამშრომლებს „დემოკრატებთან“, თუმცა სულ ცოტა ხანში მის სოციალურ პლატფორმაზე თეთრი სახლის ლიდერმა გამოაქვეყნა ფოტო წითელი კეპით, წარწერით VETO, რითაც, სავარაუდოდ, მიანიშნა რამდენიმე დღის წინ, Fox News-სთან საუბრისას გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვების შემთხვევაში, მათ ყველა გადაწყვეტილებას დაბლოკავდა და „მისტერ ვეტო“ გახდებოდა.
ამ პოსტს ტრამპის კიდევ რამდენიმე განცხადება მოჰყვა:
„მე ვაპირებ, გავხდე პოლიტიკური მიმომხილველი და როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული კანდიდატების წარმატებისა თუ მარცხის მიზეზებს გავაანალიზებ!“
„ბიულეტენზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მე რომ მეყარა კენჭი, გამანადგურებელი უპირატესობით გავიმარჯვებდით!“
მილოცვა ტრამპისგან „დემოკრატებმა“ Fox News-ის ეთერითაც მიიღეს.
„მათ კარგი სამუშაო შეასრულეს. ისინი ამ გამარჯვებას 11 წლის განმავლობაში ელოდნენ და საბოლოოდ მიაღწიეს მიზანს, თუმცა ამას ჩემ წინააღმდეგ მიმართულ დარტყმად არ აღვიქვამ. ვფიქრობ, პრეზიდენტობის ისტორიაში საუკეთესო ორი წელი გვქონდა ეკონომიკისა და ყველაფრის თვალსაზრისით, რაც გავაკეთეთ.
შეხედეთ საზღვარს. ის სრულიად უკონტროლო იყო. სულ რაღაც ორ თვეში კი მთლიანად ჩაიკეტა. უკვე 17 თვეა, რაც სამხრეთის საზღვარზე ნულოვანი რაოდენობის ადამიანი შემოდის - დიახ, ნული! ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. სწორედ ამაზე ავაგე ჩემი საარჩევნო კამპანია.
მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გავაკეთეთ, რადგან ახლა მთელი მსოფლიოდან უზარმაზარი თანხები შემოდის ჩვენს ქვეყანაში.
შეხედეთ ევროპას - ის კვდება. ნახეთ, რა ხდება საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. ისინი მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. სიმართლე გითხრათ, შესაძლოა, ვერც კი გადარჩნენ. ჩვენ კი ვყვავით და გვინდა, ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ.
მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: ვულოცავ „დემოკრატებს“. მათ ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი იშრომეს და დიდი ხნის განმავლობაში იბრძოლეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„დემოკრატების“ დამაჯერებელი გამარჯვება, ფაქტობრივად, წერტილს დაუსვამს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკანონმდებლო დღის წესრიგს და გზას გაუხსნის მისი ადმინისტრაციისა და ბიზნესპროექტების წინააღმდეგ მთელი რიგი გამოძიებების დაწყებას თეთრ სახლში მისი ლიდერობის ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ცნობილია, რომ „დემოკრატებს“ ტრამპისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ირანში მიმდინარე კონფლიქტთან და უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით. შტატების ლიდერისგან განსხვავებით, მისი მეტოქეები ფიქრობენ, რომ კიევს, დიპლომატიური ხელშეწყობის გარდა, სჭირდება სამხედრო დახმარების გაწევა და შეიარაღების გადაცემა.
ახლად არჩეული კონგრესმენები და სენატორები თავიანთ ადგილებს 2027 წლის იანვრის დასაწყისში დაიკავებენ. ჯერჯერობით ბუნდოვანია, ექნებათ თუ არა მათ საკმარისი ბერკეტი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის გზით გადასაყენებლად.
