კატეგორიები

ზაპორიჟიაზე განხორციელებულმა თავდასხმამ რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის პერსპექტივა ისევ საეჭვო გახადა

ზაპორიჟიაზე განხორციელებულმა თავდასხმამ რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის პერსპექტივა ისევ საეჭვო გახადა
მოლოდინი იმისა, რომ რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში მიღწეული დროებითი ზავი ხელს შეუწყობდა მოსკოვსა და  კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე ტიპის გარღვევას, არც თუ ისე დიდხნიანი აღმოჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“ დაბრკოლებად კვლავ იქცა რუსული სისასტიკე და კრემლის უცვლელი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ზაპორიჟიის ოლქში რუსულმა არმიამ საბჭოთა წარმოების, მძიმე ფუგასური, ფაბ-3000 ტიპის საავიაციო  ბომბი ჩამოაგდო სკოლაზე, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემდნენ. შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 26-ს შეადგენს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ზაპორიჟიაში ამავე ტიპის კიდევ, სულ მცირე, 8 ბომბი ჩამოაგდეს.

„რუსეთი ისევ და ისევ ამტკიცებს, რომ სძულს უკრაინა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. რუსეთს დეესკალაცია ნამდვილად რომ სურდეს, ოლეშკის შემდეგ არსებობდა შესაძლებლობა, ჰუმანიტარული ნაბიჯები კვლავ გაგრძელებულიყო. ჩვენ ასეთი წინადადებით გამოვედით. თუმცა რუსეთი კვლავ განაგრძობს ადამიანების მკვლელობას.

რუსეთის ამ დარტყმის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მივიდა, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც პირველი დარტყმის შემდეგ მათ დასახმარებლად მივიდნენ.

რუსებმა იცოდნენ, რომ ეს ობიექტი, ფაქტობრივად, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრს წარმოადგენდა.

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინოს - რუსეთის მიერ ჩვენი მოქალაქეების თითოეულ მკვლელობაზე და ომში ესკალაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პარალელურად, რუსულმა ძალებმა კვლავ განაახლეს იერიშები ხერსონის ოლქზე, სადაც გასული კვირის განმავლობაში, ჰუმანიტარული მისიის გამო, საბრძოლო მოქმედებები ლოკალურად იყო შეჩერებული.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე ხანგრძლივი ზავის მიღწევა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით გახდა შესაძლებელი და როგორც კიევში, ისე მოსკოვში, იმედოვნებდნენ, რომ, თუნდაც ჰუმანიტარული მიზნებისთვის, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდებოდა ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონის ოლქის ფარგლებს გარეთაც.

„ჩემი აზრით, ის, რისი განხორციელებაც ოლეშკიში შევძელით, წარმოადგენს პოტენციურ მექანიზმს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვა დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც ჩვენი მოქალაქეები ამჟამად მსგავს პირობებში ცხოვრობენ.

ჰუმანიტარული კატასტროფა მხოლოდ ოლეშკით არ შემოიფარგლებოდა. დღეის მდგომარეობით, ხერსონის ოლქშიც და უკრაინის სხვა რეგიონებშიც არსებობს რამდენიმე დასახლებული პუნქტი, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ეს დასახლებები უშუალოდ ფრონტის ხაზზე მდებარეობს.

ეს პოტენციური მექანიზმი ჩვენთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადავარჩინოთ.

უკრაინაში ჩამოყვანილ ადამიანებს შორის ყველაზე ხანდაზმული 94 წლისაა, ხოლო ყველაზე პატარა - ჩვილი, რომელიც მშობლებთან ერთად მგზავრობდა.

დამიჯერეთ, დამატებითი ძალისხმევა დაგვჭირდა იმის გასარკვევად, თუ როგორ უზრუნველგვეყო ამ ადამიანებისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მაქსიმალურად კომფორტული მგზავრობა.

სიმართლე გითხრათ, ლოგისტიკური მარშრუტი სულაც არ იყო მარტივი - ის საკმაოდ რთული და სერიოზულ გამოწვევებთან დაკავშირებული აღმოჩნდა“, - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის არც ერთი ინციდენტი ან დარღვევა არ დაფიქსირებულა. ყველაფერი სრულიად ნორმალურად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართა.

დღეს მე და ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ახლა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით ისმის, რომ თითქოს იქ გარკვეული სამხედრო ტექნიკა მუშაობდა. რა თქმა უნდა, მუშაობდა. მიმდინარეობდა განაღმვითი სამუშაოები, რათა გადაადგილებისას კოლონა ნაღმზე არ აფეთქებულიყო. ეს საკითხი წინასწარ იყო განხილული და ჩვენს შეთანხმებაშიც მკაფიოდ იყო გაწერილი.

ამ მისიის მომზადების პროცესში პირველი ლედის გუნდთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია გვქონდა. შემდეგ, უკვე ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას, შეთანხმებებს ხელი მოვაწერეთ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი ამერიკულ მხარეს გავუგზავნეთ და ვიდეოზარის მეშვეობით ყველა დეტალი კონკრეტულად შევათანხმეთ.

750 ადამიანს მიეცა ქალაქის დატოვების შესაძლებლობა. ჩვენ წინასწარ გავითვალისწინეთ შესაძლო საჭიროება და ამ რაოდენობისთვის საკმარისი ადგილები მოვამზადეთ. მოგვიანებით ბევრი ავტობუსი უკან ცარიელი დაბრუნდა. რა თქმა უნდა, რეალურად 750-ზე გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით.

უფრო მეტიც, გულწრფელად გეტყვით, ჩვენ უბრალოდ არც დრო გვქონდა და არც შესაძლებლობა, ზუსტად დაგვეთვალა ადამიანები. თითოეული მათგანი სათითაოდ არ დაგვითვლია“, - განაცხადა რუსეთის სახალხო დამცველმა, იანა ლანტრატოვამ.

ვიდრე რუსული აგრესია უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ წყდება და პირიქით - უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს, კიევი გეგმავს, ევროკავშირისგან მიღებული სესხიდან 1 მილიარდ ევრომდე თანხის გამოყოფას პროგრამისთვის, რომლის მიზანია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის ევროპელ პარტნიორებთან დაახლოება.

ცნობილია, რომ პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და დრონსაწინააღმდეგო ბრძოლის საშუალებები.

პარტნიორებს შორის ბოლოდროინდელ შეხვედრებზე დაზუსტდა, რომ ევროკავშირი „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ ფარგლებში კიევს 90 მილიარდ ევროს გამოუყოფს მიმდინარე და მომდევნო წლებში სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად.

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის დაფინანსების საჭიროებები იზრდება, გასულ თვეში ბრიუსელი დათანხმდა თანხის ნაწილის გაცემის პროცესის დაჩქარებას, რათა ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვაში დაეხმაროს.

მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად ეს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯების მხოლოდ ერთი ნაწილია, თუმცა დღის წესრიგში კვლავ რჩება სრულმასშტაბიანი ომის დასრულება დიპლომატიური გზის გამოყენებით.

დაკავშირებული ამბები
ზაპორიჟიაზე განხორციელებულმა თავდასხმამ რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის პერსპექტივა ისევ საეჭვო გახადა კიევი და მოსკოვი ერთმანეთის საჰაერო განგაშის შეტყობინების სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ იუწყებიან