თითქმის ერთკვირიანი ლოკალური ცეცხლის შეწყვეტა, რომელმაც შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით შესაძლებელი გახადა, თითქმის ხუთწლიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, შეეჩერებინა ხერსონის ოლქში დრონებისა და ტყვიების ხმაური, დასრულდა.
ვიდრე რუსული არმიის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონში სიმშვიდე იყო, სააგენტო Associated Press-ის ჟურნალისტთა ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო ე.წ. „წითელ ზონაში“, რათა საკუთარი თვალით ენახა, როგორია იქ ადგილობრივთა ცხოვრება „მკვლელობის ზონაში“.
ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ახლა იქ მცხოვრები მოქალაქეები კვლავ ემზადებიან საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის, რადგან უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ოლქში რუსულმა ძალებმა დამატებითი შეიარაღება და სამხედრო პერსონალი შეიყვანეს. შესაბამისად, ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები შიშობს, რომ საარტილერიო დაბომბვები კიდევ უფრო გაძლიერდება.
„იმდენად შევეჩვიეთ აფეთქებებს, რომ ეს სიჩუმე ცოტათი გვაშინებს. ჩემი აზრით, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც ცეცხლის შეწყვეტამდე იყო - ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება...“ - ამბობს ალა ვასილენკო, ხერსონის ოლქის მცხოვრები.
„აქ უკვე ოთხი წელია ვმუშაობთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში ვიმყოფებით. ამიტომ სიჩუმე ჩვენთვის, ფაქტობრივად, უჩვეულოა. ხშირად, როცა ირგვლივ სიწყნარეა, დაძინებაც კი გვიჭირს - ეს სიჩუმე მოჩვენებითად მშვიდი და სახიფათო გვეჩვენება. სულ იმის მოლოდინში ვართ, რომ რაღაც უნდა მოხდეს.
მე ოლეშკიდან ვარ. ჩემი სახლი და ყველაფერი, რაც გამაჩნდა, იქ იყო. ხერსონში ვმუშაობდი, მაგრამ ოლეშკიში ვცხოვრობდი.
ომის პერიოდში სხვის სახლში ვცხოვრობ. მეგობრებმა ხერსონში ერთი სახლის გასაღები მომცეს და ახლა იქ ვცხოვრობ. არასოდეს ვკარგავ სახლში დაბრუნების იმედს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი - ჩემი სახლი უკვე აღარ არსებობს.
ჩემი მთელი ოჯახი - ხუთი შვილი და ოთხი შვილიშვილი - ახლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული. ზოგი ჩემთან ახლოს არის, ზოგი კი ძალიან შორს. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვრჩები. არსად წასვლას არ ვაპირებ.
ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა გამარჯვება დავაახლოოთ. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადამიანების გაერთიანება, მათში რწმენის შენარჩუნება და მათთვის იმედის მიცემა“, - ამბობს ოლექსანდრ კნიჰა, ხერსონის ოლქის მცხოვრები.
რუსეთ-უკრაინას შორის მიღწეულმა დროებითმა ზავმა შესაძლებელი გახადა ქალაქ ოლეშკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, იქ დარჩენის მსურველებისთვის კი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა, რომლის გარეშეც მოქალაქეები მაისიდან ცხოვრობდნენ - ისევე როგორც სტაბილური ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების გარეშე.
ოლეშკის დატოვების მსურველებისთვის გამოიყო სპეციალური ავტობუსები, მოგვიანებით ისინი თვითმფრინავით ბელარუსის ქალაქ გომელამდე გადააფრინეს, სადაც მათ უკრაინის უმაღლესი რადის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი დახვდა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსკოვის მფარველობის ქვეშ ცხოვრების მიუხედავად, ევაკუირებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ცხოვრების გაგრძელება კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არჩია.
ამ კადრებით ქალაქ ოლეშკის მოსახლეობამ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია, მაგრამ არანაკლები ინტერესის ობიექტი იყვნენ ისინიც, ვინც სპეციალური ჰუმანიტარული მისიის დროს მშობლიურ დასახლებაში დარჩნენ, რომელთაც რუსული ოკუპაციის გამო, ახლა გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.
„წვიმის წყალს ვაგროვებთ და ვფილტრავთ. ღმერთის წყალობით, სკოლაში არსებულ ჰუმანიტარულ ცენტრში წყლის გამწმენდ ტაბლეტებსა და ფილტრებს არიგებდნენ. აქ წყალი მეტნაკლებად ვარგისია. სახლებში ბევრი გარდაცვლილია, ამიტომ წყალიც, ასე თუ ისე, მხოლოდ პირობითად შეიძლება ჩაითვალოს სუფთად.
წყალს დოლბანდში ვწურავ, ქლორს ვამატებ და შემდეგ ვადუღებ. დუღილისას წყლის ნაწილი ორთქლდება, მაგრამ საბოლოოდ წყალი მეტნაკლებად ვარგისი ხდება. ჯერჯერობით არ მოვწამლულვარ.
რუსებმა ყველგან ყველაფერი დანაღმეს - ნაღმებს დრონების მეშვეობით ყრიან, ამიტომ გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. შეშას ვაგროვებ, ეზოსთან ახლოს მიმაქვს და ღუმელისთვის ვჩეხავ.
არ ვიმალები. თუ დრონი დიდხანს დამტრიალებს თავზე, გარეთ თეთრი ქსოვილით ხელში გამოვდივარ. მაქვს აბრა წარწერით „მშვიდობიანი მოქალაქე“ და მასაც მაღლა ვწევ. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
სახლში ვრჩები. ამათ გულისთვისაც კი ვერ მივატოვებ ძაღლებს. იქ დარჩენილების ხმაც კი აღარ შემიძლია მოვისმინო. ხვალ ერთ შეკვრა უმი მაკარონი უნდა წავიღო და იმ სამ ძაღლს დავუყარო. საჭმელი არაფერი აქვთ. ვინ აჭმევს მათ? არავინ იზრუნებს მათ გამოკვებაზე. ახლა ყეფენ, მალე ყმუილს დაიწყებენ და მერე... დაიხოცებიან“, - ამბობს ნატალია დიადუკი, ხერსონის ოლქის, კოზაცკეს დასახლების მცხოვრები.
წარსული გამოცდილების გამო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის შიშების მიუხედავად, ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის დროებითი ზავი მოსკოვმა ხერსონის ოლქში შეასრულა და ევაკუაციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა რუსულმა ძალებმა იერიშების მიტანა განაგრძეს უკრაინის ცენტრალურ ნაწილზე, სადაც სამიზნედ იქცა როგორც სამოქალაქო, ისე ენერგოინფრასტრუქტურა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შედეგად ქვეყნის მასშტაბით 280 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მათი უმრავლესობა დნიპროზე მოდის, ნაწილი კი კიევსა და კიევის ოლქზე.
მეტეოროლოგიური სამსახურების თანახმად, მომდევნო დღეებში უკრაინის დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა, ზოგიერთ ნაწილში კი, შესაძლებელია, პირველი ყინვებიც დაფიქსირდეს, რაც სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის აუცილებლობას კიდევ უფრო მეტად აყენებს დღის წესრიგში.
ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის თავის რუს კოლეგას თურქეთში შეხვდეს. მისივე თქმით, რესპუბლიკის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აქვს კავშირები ვლადიმერ პუტინთან და შეუძლია, ხელი შეუწყოს პირისპირ დიალოგს, რათა უმაღლეს დონეზე იყოს განხილული ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც ტექნიკური ჯგუფების დონეზე შეუძლებელია.
