უკრაინამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო განგაშის შეტყობინების სისტემა კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რის გამოც შესაბამის აპლიკაციაში რადიაციული დაბინძურების საფრთხისა და კიევის შემოგარენში შეტაკებების შესახებ ცრუ შეტყობინებები გამოჩნდა.
რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთმაც განაცხადა, რომ მისი საგანგებო შეტყობინებების აპლიკაცია „მასშტაბური კიბერშეტევის“ მსხვერპლი გახდა. ეს მოხდა კონფლიქტის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი ზავის დასრულების ფონზე.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰაკერებმა აპლიკაციაში, რომელიც მოსახლეობის დრონებით თავდასხმებისა და სხვა საფრთხეების შესახებ ინფორმირებისთვის არის განკუთვნილი, „არასანდო ინფორმაცია“ განათავსეს.
მოსკოვს ჯერჯერობით არ დაუსახელებია, ვინ დგას მის აპლიკაციაზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან, მაშინ როცა უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა საკუთარი სისტემის გატეხვაში პასუხისმგებლობა კრემლს დააკისრა.
პარალელურად, რუსული მხარე აცხადებს, რომ გასულ ღამეს მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე „სამრეწველო ობიექტს“ დრონი დაესხა თავს.
ამასთან, უკრაინულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კიევმა დარტყმა მიაყენა ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
კიევს არაერთხელ მიუტანია იერიში რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის ობიექტებზე. უკრაინული მხარე ამას მოსკოვის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე „სამართლიან საპასუხო მოქმედებად“ მიიჩნევს.
