ევაკუაცია თუ იძულებითი დეპორტაცია? - მას შემდეგ, რაც რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ ოლეშკში შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით მიღწეული ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა,
გავრცელდა ცნობები, რომ თავშესაფრების მაძიებელი ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, შესაძლოა, დაიწყონ რუსეთის ან მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გავლით.
ამ ცნობებმა გააჩინა საფრთხე, რომ მოქალაქეთა ევაკუაციას არ ექნება ჰუმანიტარული სახე, არამედ მან, შესაძლოა, მიიღოს იძულებითი ხასიათი და ასობით ადამიანი ვეღარ მოხვდეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
როგორც უკრაინული მედია წერს, ცნობილია, რომ მოსახლეობა, რომელიც ტერიტორიის დატოვებას დათანხმდება, შესაძლოა თავდაპირველად ავტობუსებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ან რუსეთში გადაიყვანონ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეთ შემდგომი გადაადგილების შესაძლებლობა.
ამ სცენარის განვითარებით გამოწვეული შეშფოთება მზარდია წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით. კერძოდ, საუბარია შემთხვევაზე, როდესაც 2022 წელს, მოსკოვმა მარიუპოლიდან და აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების იძულებითი გადაყვანა. როგორც აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა კრემლის ჯარისკაცებმა გაიტაცეს. რის გამოც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საქმე აღძრა და მისი დაკავების ორდერი გასცა.
ამასთან, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას რეალური არჩევანი არ ჰქონდა და იძულებული იყო, რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასულიყო.
ამასთან, ორგანიზაცია Amnesty International-მა ანგარიშში აღრიცხა მოწმეების მონათხრობები ცემის, ელექტროშოკის გამოყენებისა და სიკვდილით დასჯის მუქარის შესახებ, რაც ე.წ. „ფილტრაციის პროცედურებთან“ დაკავშირებული დაკავებების დროს ხდებოდა.
ორივე ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ მოსკოვის მიერ მოსახლეობის იძულებით გადაყვანა ომის დანაშაულს წარმოადგენს და, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.
პარალელურად, უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველმა საათებმა „ინციდენტების გარეშე ჩაიარა“ და საკითხის ირგვლივ ის თავის რუს კოლეგასთან კავშირზე რჩება.
ზავმა ასევე მისცა შესაძლებლობა ხერსონის ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ ზოგიერთ უკრაინელ მოქალაქეს, წლების განმავლობაში პირველად მოენახულებინათ თავიანთი სახლები და ახლობლები კიევის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
მანამდე რუსეთის დრონების განუწყვეტელი თავდასხმები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ სამიზნეში ამოღება, ასეთ მგზავრობებს ზედმეტად სახიფათოს ხდიდა. ამგვარი თავდასხმების პრაქტიკას „ადამიანებზე ნადირობა“ ეწოდება.
„სინამდვილეში, ამ ბინასთან იმდენი მოგონებაა დაკავშირებული, რომ ბოლო დროს ნოსტალგიამ შემიპყრო. ეს სასიამოვნო განცდა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ, ჩვეულებრივ, არცთუ ისე სენტიმენტალური ადამიანი ვარ. უბრალოდ, ამ ადგილმა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იხილა. ჩემი აზრით, სწორედ ეს ტერიტორია ნათლად აჩვენებს „რუსული მშვიდობის“ ნამდვილ „ხიბლს“ - გაანადგურო ყველაფერი, რასაც ადამიანები წლების განმავლობაში აშენებდნენ, წაშალო მათთვის ძვირფასი მოგონებები, დააზიანო, გადაწვა და მიწასთან გაასწორო ყველაფერი“, - ამბობს ანტონ შახუნოვი, ხერსონის მცხოვრები.
„ეს ისეთი განცდაა, რომელიც ხერსონში დიდი ხანია არ გვიგრძნია. თითქოს მშვიდობიანი ცხოვრების ერთი ამოსუნთქვაა.
ხერსონის მცხოვრებლებს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა რამ სჭირდებათ: უბრალოდ სიჩუმე - არც დრონები, არც დაბომბვა - და უცებ ცხოვრება სრულიად სხვა, ცოცხალი ფერებით იმოსება.
ამ წუთებით ვტკბებით და პარკში გამოვედით. როდესაც ასეთი ზავი არ არის, პარკში გასეირნება შეუძლებელია. უბრალოდ, ძალიან საშიშია. დრონების თავდასხმებში უკვე რამდენჯერმე მოვყევით და ეს გამოცდილება ძალიან მძიმე კვალს გვიტოვებს.
ახლა პარკში ვსეირნობთ. ჯერ ბევრი ხალხი არ არის, მაგრამ აქაურობა მშვენიერია. ულამაზესი შემოდგომის დღეა - მზე ანათებს და ირგვლივ სიჩუმეა. ეს უბრალოდ საოცარია“, - ამბობს იულია დენისენკო, ხერსონის მცხოვრები.
ზავი დროებითია და მხოლოდ რამდენიმე დღეს ითვალისწინებს, რაც მაინც დიდ გარღვევას ნიშნავს კიევსა და მოსკოვს შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებების ირგვლივაც არსებული უთანხმოების პირობებში.
რუსული ოკუპაციის პირობებში, ქალაქ ოლეშკის მოსახლეობა 12-ჯერ შემცირდა.
2026 წლის მაისის შემდეგ იქ აღარ შესულა სასურსათო პროდუქცია და მედიკამენტები, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების თვალსაზრისით, მდგომარეობა მეტად დაამძიმა ნოვა-კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეულმა წყალდიდობამ.
