პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი გეგმა შეიმუშავეს. 27 ოქტომბერს პოლონეთის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებები ორხმრივი ხელშეკრულებით დასრულდა, რომელსაც ხელი მოაწერეს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა.
ორი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი სამწლიანი გეგმა რამდენიმე თვის წინ მიღებული პოლონეთ-ბრიტანეთის ხელშეკრულების შედეგია.
ოფიციალური ვარშავის ინფორმაციით, პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია: ახალ ტექნოლოგიები, ხელოვნური იინტელექტი, დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, შეკავების თანამედროვე ზომები და ტრადიციული სამხედრო სწავლებები.
ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ შეთანხმება რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებას ითვალისწინებს.
„რაც უფრო მზად ვიქნებით რუსეთთან დაპირისპირებისთვის და NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დასაცავად, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ასეთ სცენარში აღმოვჩნდებით. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ასე მნიშვნელოვანი. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მეგობრული ურთიერთობების, სამხედრო თანამშრომლობისა და თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა უეს სტრიტინგმა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი კვლავ მხარს უჭერს ევროკავშირის სახსრების გამოყენებას ბლოკის ფარგლებს გარეთ წარმოებული იარაღის შესაძენად.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაერთიანებულ სამეფოს უფრო დიდი როლი ჰქონდეს და მას შეეძლოს უსაფრთხოების სფეროში ევროპული პროგრამით სარგებლობა. პოლონეთს ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებული პოზიცია აქვს: ჩვენ ყველაზე აქტიურად ვუჭერთ მხარს გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და თურქეთში წარმოებული იარაღის გამოყენებას, ასევე SAFE-ის სესხებიდან მიღებული ევროპული სახსრების გამოყენებას ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობისთვის და იარაღის შესაძენად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩვენი კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება. შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი დამიზნების იარაღი, დაბალფასიანი დრონები, დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ის მიმართულებებია, რომლებშიც ბრიტანული კომპანიები დღეს ძალიან მაღალ დონეზე აწარმოებენ პროდუქციას. მომავალში მათი წარმოება პოლონურ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მათ შორის სრული ერთიანობა და კოორდინაციაა. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ პოლონეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებზე, რომლებსაც მან „ტერორიზმი“ უწოდა. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა თანხმდება ევროპის საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების პოლიტიკაზე, თუმცა დასძენენ, რომ ევროპა შეერთებული შტატებისგან სრულად დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს.
