ტირანაში შაბათს გამართული საპროტესტო აქციის – შეტაკებების, სახელმწიფო დაწესებულებებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმების და საჯარო თუ კერძო საკუთრების დაზიანების შემდეგ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ძალადობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის წინააღმდეგ ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.
მისი თქმით, ეს პაკეტი ეფუძნება პრინციპს, რომ „მშვიდობიანი პროტესტი დაცულია, ძალადობა ისჯება, ხოლო მიყენებული ზიანი პასუხისმგებელმა პირებმა უნდა აანაზღაურონ“.
ალბანეთის პრემიერის განმარტებით, „ყველას, ვინც ძალადობრივ შეკრებაში მონაწილეობს და პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად ტერიტორიას არ დატოვებს, ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება.“ ჯარიმის ოდენობამ კი შესაძლოა 500 ათას ლეკს, ანუ დაახლოებით 6 200 აშშ დოლარს მიაღწიოს.
ედი რამა იმასაც აღნიშნავს, რომ მზადაა პირისპირ შეხვდეს ყველას, ვისაც მის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა სურს.
„თითოეული ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. თითოეული ადამიანის უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვების უფლებები ირღვევა. ყველას, ვინც ხელისუფლებას ეწინააღმდეგება ან ჩემი თანამდებობიდან წასვლა სურს – არა მხოლოდ დღეს, არამედ გუშინაც – აქვს თავისუფლება და უფლება, ასე იფიქროს, ამის შესახებ ისაუბროს, საკუთარი პოზიცია დაიცვას და ეს მოთხოვნა პროტესტით გამოხატოს. ასეთ დროს ჩემი და მთავრობის მოვალეობაა, უზრუნველვყოთ, რომ ყველას, ვისაც სხვა ხელისუფლება და სხვა პრემიერ-მინისტრი სურს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შეეძლოს პროტესტის გამოხატვა. უფრო მეტიც, მზად ვარ, პირადად შევხვდე და მოვუსმინო ყველას, ვისაც სურს, ჩემ მიმართ უკმაყოფილება პირისპირ გამოხატოს და წარმოადგინოს მოთხოვნები, რომლებიც, მათი აზრით, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს. ვფიქრობ, ისინი, ვინც ჩემს გადადგომას მოითხოვენ, ცდებიან, თუ მიაჩნიათ, რომ ძალადობით ან სხვა საშუალებებით შეუძლიათ საკუთარი ნების თავს მოხვევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ყველა განცხადება ან მოთხოვნა მცდარად მიმაჩნია“, –
ახალი საკანონმდებლო პაკეტი ბოლოდროინდელ ძალადობრივ აქციებზე პასუხია. ამ დემონსტრაციების სათავაში სტუდენტები დგანან. ისინი განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და ედი რამას გადადგომას ითხოვენ.
