უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს კასეტური ქობინებით აღჭურვილი სამი ბალისტიკური რაკეტით, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე მაქსიმალური მსხვერპლი გამოიწვიოს.
ერთ-ერთი რაკეტა უკრაინის დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა რელიგიური ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, კაფეები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ზელენსკის განმარტებით, რაკეტები ისეა აგებული, რომ სამიზნესთან მიახლოებისას ჰაერში ფეთქდება და 400 მეტრის დიამეტრის ტერიტორიაზე ასაფეთქებელ საბრძოლო ელემენტებს ფანტავს.
„როგორც შეიარაღების, ისე სამიზნე ტერიტორიის შერჩევაც იყო მიზანმიმართული; ასევე წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ და დანაკარგის მასშტაბი გაეზარდათ“, — დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, ხოლო 34-მა, მათ შორის ხუთმა ბავშვმა, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
„პირველად ბომბებით 10:08-ზე დაგვესხნენ თავს. ჩემი ქალიშვილი დასაწოლად ემზადებოდა, აი, აქ. პირველი დარტყმის შემდეგ უცებ დავავლე ხელი მას და ქვემოთ გამოვიქეცი, საწოლზე დავაწვინე, სამივე შვილი იქ იყო. შემდეგ კი, ერთ წამში, ისევ დაიწყო. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, როგორც წესი, ასეთ სიტუაციებში ვშეშდები, მაგრამ ამ დროს რაღაც ძალა მომეცა და მათ გადავეფარე.“ - ამბობს ერთ-ერთ დაზარალებული, ნატალია კირიიევა.
რუსეთი კიევს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დაესხა თავს. ვაშინგტონი ამ შეხვედრით ცდილობდა, ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები განეახლებინა.
