უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების ყველაზე რეალისტური გზა ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაა, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას ქმნის.
ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა ამერიკული Fox News-ს ჟურნალისტმა უპასუხა კითხვაზე - „მიიღებდით თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ყველაფერს ზუსტად ისე დატოვებდა, როგორც ახლაა, და თქვენს ქვეყანას ტერიტორიის სულ მცირე 75%-ს ან მეტს შეგინარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? მიიღებდით თუ არა შეთანხმებას იმ პირობებით, როგორიც დღეს არსებობს?“:
„დიახ, ამ ეტაპზე ჩვენ უნდა გავყინოთ არსებული მდგომარეობა და, ჩემი აზრით, ეს ომის დასრულების რეალური გზაა. ამას ცეცხლის შეწყვეტას ვუწოდებთ, ან, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, - შევწყვიტოთ მკვლელობები, გავყინოთ მდგომარეობა და გავჩერდეთ.
რა თქმა უნდა, ეს არის მინიმუმი, რასაც დღეს რუსეთისგან ვითხოვთ. შემდეგ, რასაკვირველია, მივმართავთ პრეზიდენტს და ევროპელებს და მოვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობაა. ეს არის მთავარი: აღარ უნდა გვეშინოდეს, რომ ოკუპაცია დაბრუნდება, აგრესია განახლდება და მკვლელობები ისევ დაიწყება. ამიტომ უნდა შევაჩეროთ ეს ყველაფერი.
სწორედ ამიტომ გვჭირდება არსებული მდგომარეობის გაყინვა, მოლაპარაკებები, შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერა, რათა ჩვენი ცხოვრება განვაახლოთ და უკეთესი მომავალი შევქმნათ.
ჩვენ გვჭირდება, რომ 9,5 მილიონი ადამიანი, რომლებმაც სახლები დაკარგეს და საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან, უკრაინაში დაბრუნდეს, რათა აქ იცხოვრონ და საკუთარი ქვეყანა ააშენონ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც სანქტ-პეტერბურგში შტატების პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას მართავდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებებისთვის არის მზად, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ კიევში ამ პროცესში პირდაპირ უნდა მონაწილეობდეს.
უკრაინის პრეზიდენტის ეს სიტყვები დროში ასევე დაემთხვა კიევსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში შექმნილ ერთგვარ უხერხულობას.
ბოლო პერიოდში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა თავის უკრაინელ კოლეგას იმის გამო, რომ, მისი მტკიცებით, ზელენსკის რუსეთთან ომის დასრულება არ სურს.
ტრამპი აღნიშნავდა, რომ, დიდი ალბათობით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა - ზელენსკის გარეშე.
10 ოქტომბერს აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე ახალი ადამიანის ხილვა სურდა, რაზეც მას კიევიდან უპასუხეს, რომ ეს მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.
