კატეგორიები

ტრამპი მშვიდობას მხოლოდ უკრაინისგან ითხოვს, კიევის აღებაში წარუმატებლობას კი რუს გენერალს აბრალებს

ტრამპი მშვიდობას მხოლოდ უკრაინისგან ითხოვს, კიევის აღებაში წარუმატებლობას კი რუს გენერალს აბრალებს
აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ თვლის, რომ მხოლოდ უკრაინა არ უწყობს ხელს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას და კიევის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობაა ამ პროცესის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი.

თეთრ სახლში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსული არმია წინ მიიწევს და, მისივე მტკიცებით, „ყოველკვირეულად უფრო და უფრო იზრდება რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორია“.

შტატების ლიდერის თქმით, კიევისგან განსხვავებით, მოსკოვს ამოუწურავი ადამიანური რესურსი, დაღუპული ჯარისკაცების ჩასანაცვლებლად, არ აქვს, თუმცა სხვაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ფრონტზე დანაკარგების ფონზე, კრემლი ომში მონაწილეობის მისაღებად უცხო ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს.

ამის ერთ-ერთი მკაფიო და ცნობილი მაგალითია ათასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის მობილიზება, რომელთა დიდი ნაწილი სამხედრო მოქმედებებში ჩაბმიდან მალევე დაიღუპა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი კვლავ თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომია დიზელის საწვავზე ფასების ზრდის მიზეზი და არა ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც ახლა ჩიხშია შესული.

„ჩემი აზრით, საქმე ასეა: რუსეთს სურს, ეს ყველაფერი ბოლომდე მიიყვანოს. ვფიქრობ, რუსეთი უზარმაზარი მანქანაა, რომელიც უბრალოდ წინ მიიწევს და ყველაფერს გზადაგზა ფქვავს. სწორედ ამას აკეთებენ ისინი. მათ უკვე დაიკავეს ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი. შეგიძლია თქვა, რომ უკრაინა კარგად იბრძვის ან ცუდად, მაგრამ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორია ყოველკვირეულად სულ უფრო და უფრო იზრდება. ისინი უბრალოდ განუწყვეტლივ მიიწევენ წინ. მათ ამოუწურავი ადამიანური რესურსი აქვთ.

უკრაინას უნდა სურდეს შეთანხმების მიღწევა, რადგან შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი თანხა დახარჯა. ევროპამაც უზარმაზარი თანხა დახარჯა. ევროპა ახლა უკვე დაიღალა ამ ყველაფრით. დიახ, ამ ყველაფრით დაიღალა და თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საბოლოოდ, ჩემი აზრით, ვითარება უბრალოდ კიდევ უფრო გაუარესდება.

რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. მას ბევრი ადამიანი ჰყავს - დიდი ადამიანური რესურსი აქვს, საიდანაც შეუძლია ძალების შევსება. უკრაინას კი არ ჰყავს იმდენი ადამიანი, რომ ამგვარი რესურსი ჰქონდეს. ამიტომ შეთანხმების მიღწევის დროა. სწორედ ამას ვამბობ.

ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ჩვენ უკრაინას ძალიან ბევრი რამ მივეცით, სანაცვლოდ კი აბსოლუტურად არაფერი მიგვიღია, გარდა ტკივილისა, სიკვდილის, უზარმაზარი ფინანსური დანაკარგისა და დიზელზე გაზრდილი ფასებისა. ჩვენ მას წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და სამხედრო ტექნიკა გადავეცით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა მორიგ ჯერზე გაიხსენა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პერიოდი და თქვა, რომ 2022 წელს, კრემლის არმიის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე „უკრაინაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა“.

ამგვარად, ტრამპმა, ერთი მხრივ, მეტეოროლოგიურ პირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, რუს გენერალს დააბრალა კიევის აღების ოპერაციაში განცდილი წარუმატებლობა:

„როდესაც რუსეთის ის სულელი გენერალი, ძალიან სულელი კაცი, ათას ტანკს ბეტონის საავტომობილო გზაზე მიუძღოდა... მათ უკრაინამდე ოთხ საათში უნდა მიეღწიათ, ტანკების მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, რაც, ზუსტად რომ ვთქვათ, საათში 48 მილია. მათ წინ არაფერი ეღობებოდათ. ომი ერთ დღეში დასრულდებოდა.

მაგრამ ამ ძალიან სულელმა გენერალმა, წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ არის და ეჭვი მეპარება, დღესაც ჩვენ გვერდით იყოს - გადაწყვიტა, გზიდან მარჯვნივ გადაეხვია, სასოფლო-სამეურნეო მიწებისკენ წასულიყო, შემდეგ მარცხნივ მოეხვია და კიევისკენ დაძრულიყო.

იმის ნაცვლად, რომ მთავარ გზაზე დარჩენილიყო - ბეტონის, სრულიად გამართულ საავტომობილო გზაზე, სადაც ყველაფერი კარგად მიდიოდა და საიდანაც დანიშნულების ადგილამდე სამნახევარ ან ოთხ საათში მიაღწევდნენ - მან სხვა გზა აირჩია. მთელი მსოფლიო განადგურდებოდა.

საბოლოოდ, ტანკები ტალახში გაიჭედა. ეს ჭაობის მოძრავ ქვიშას ჰგავდა. წინა ღამეს ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა მოვიდა.

მიწა მთლიანად წყლით იყო გაჟღენთილი. ყველაფერი მოძრავ ქვიშას ჰგავდა. ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობას ეს აღარ ახსოვს, მაგრამ მე მახსოვს, რადგან ამას ომი ჰქვია.“

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში იღუპებიან მოქალაქეები, თუმცა მსხვერპლის ყველაზე დიდი წილი მაინც სამხედროებზე მოდის.

დონალდ ტრამპი თვლის, რომ ამ უზარმაზარი ადამიანური დანაკარგების შეჩერება კიევის ხელშია, თუმცა მსგავსი კრიტიკითა და რიტორიკით ის მოსკოვისადმი განწყობილი არ არის.

დაკავშირებული ამბები
ტრამპი მშვიდობას მხოლოდ უკრაინისგან ითხოვს, კიევის აღებაში წარუმატებლობას კი რუს გენერალს აბრალებს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეალურ პირობებში გამოცადეს ადგილობრივი წარმოების საევაკუაციო დრონი