კატეგორიები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეალურ პირობებში გამოცადეს ადგილობრივი წარმოების საევაკუაციო დრონი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეალურ პირობებში გამოცადეს ადგილობრივი წარმოების საევაკუაციო დრონი
უკრაინული კომპანიის ინოვაციური გამოგონება, რომელიც ომში მყოფ სახელმწიფოს დაეხმარება ცხელი წერტილებიდან დაჭრილი სამხედროების უფრო სწრაფად გამოყვანაში, შეიარაღებული ძალების დრონების 92-ე ცალკეული შტურმულ ბრიგადას სატესტოდ გადაეცა.

საევაკუაციო უპილოტო საფრენმა აპარატმა შეძლო დაშავებული ჯარისკაცის გამოყვანა, რომელიც რთულად მისადგომ ადგილას იმყოფებოდა - კერძოდ, ტრადიციული მეთოდით მისი ევაკუირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, ერთი მხრივ, რუსული დრონების აქტიურობის, ხოლო, მეორე მხრივ, დანაღმული ტერიტორიის გამო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკვირდებიან სამხედროები სამეთაურო ოთახიდან სამაშველო ოპერაციას - დაჭრილი ჯარისკაცი ემაგრება დრონს, რომელიც მას ჰაერში სწევს და სახიფათო ზონიდან გაჰყავს.

შემდეგ დრონი ჯარისკაცს უსაფრთხო დასაფრენ ადგილზე მიიყვანს და ფრთხილად დასვამს მიწაზე.

ოქტომბრის დასაწყისში უკრაინულმა კომპანია SkyFall-მა, რომელიც სამხედრო დრონების წარმოებაზე მუშაობს, შექმნა სრულიად განსხვავებული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი სახელწოდებით StarGate-ი.

სპეციალური საევაკუაციო დრონი შედგება ექვსპროპელერიანი კონსტრუქციისგან, რომელიც ვერტიკალურ აფრენა-დაშვებას უზრუნველყოფს იმ ადგილებშიც კი, სადაც განსაკუთრებულად დიდი თავისუფალი სივრცე არ არის. გარდა ამისა, საფრენ აპარატს აქვს ერთგვარი კაფსულა, რომელიც სამედიცინო საკაცეს წარმოადგენს და მისი მიზანია დაჭრილი ჯარისკაცის უსაფრთხო ტრანსპორტირება. 

დრონს აქვს ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ფუნქცია, რაც საშუალებას აძლევს, იმუშაოს ისეთ გარემოშიც, სადაც GPS სიგნალი მიუწვდომელია ან სადაც სიხშირეები ჩახშობილია.

მისი მაქსიმალური ტვირთამწეობა 150 კგ-მდეა, მაქსიმალური სიჩქარე 105 კმ/სთ-ს ხოლო საკრუიზო 65 კმ/სთ-მდე აღწევს. ფრენისთვის მომზადებას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.  

დაკავშირებული ამბები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეალურ პირობებში გამოცადეს ადგილობრივი წარმოების საევაკუაციო დრონი ქალაქ ოლეშკის ჰუმანიტარული კატასტროფა და რუსული ოკუპაციის შედეგი