კლიმატის ცვლილება სულ უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის თავის ტვინის ჯანმრთელობას. მეცნიერების თქმით, ტემპერატურის მატება და გარემოს სხვა ფაქტორები ზრდის ნევროლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებულ რისკებსა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე არსებულ დატვირთვას.
ევროპის ნევროლოგიის აკადემიის გარემოს გავლენის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ულფ კალვაიტი ამბობს, რომ ნევროლოგიური დარღვევები - შაკიკიდან დაწყებული, დემენციითა და პარკინსონის დაავადებით დამთავრებული - სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით ყოველი მესამე ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.
სხვადასხვა შეფასებით, ფსიქიკურ აშლილობებთან ერთად, 2019 წელს ამ დაავადებებმა გლობალურ ეკონომიკას, 1,5 ტრილიონი ევროს ოდენობის ზარალი მიაყენა.
ერთ-ერთი ყველაზე აშკარა შეშფოთება მაღალ ტემპერატურასა და ინსულტის რისკს შორის არსებულ ბმას უკავშირდება.
კალვაიტის განმარტებით, როდესაც ტემპერატურა 30°C-ს აჭარბებს, ინსულტის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მან ასევე გააფრთხილა საზოგადოება, რომ სითბური ინსულტები, რომლებიც ამჟამად შემთხვევათა საერთო რაოდენობის დაახლოებით 1%-ს შეადგენს, მომდევნო 20–30 წლის განმავლობაში, შესაძლოა, 5-8%-მდე გაიზარდოს.
სიცხე ტვინის ჯანმრთელობაზე ირიბადაც მოქმედებს - ის ძილის პროცესს არღვევს.
ტროპიკული ღამეები, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მთელი ღამის განმავლობაში 20°C-ზე მაღლა რჩება, ორგანიზმს გაგრილებაში უშლის ხელს. ეს ღრმა ძილის ფაზას არღვევს და ადამიანს არ აძლევს საშუალებას, ღამის განმავლობაში სრულფასოვნად დაისვენოს და ძალები აღიდგინოს.
ტროპიკული ღამეების ტენდენცია მიმდინარე წლის ზაფხულში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გამოსცადეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა იქონია.
რისკები არათანაბრად არის განაწილებული. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან ბავშვები, ორსული ქალები, ხანდაზმულები და ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.
თუ ისინი სოციალურად და ეკონომიკურად არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებ უბნებში ცხოვრობენ, მათი ჯანმრთელობისთვის არსებული რისკები კიდევ უფრო იზრდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანული გარემოს გავლენა. ხმაური, ჰაერის დაბინძურება და სტრესული გარემო უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და თვითშეგრძნებაზე, მაშინ როდესაც მწვანე სივრცეებზე ხელმისაწვდომობამ შესაძლოა გარკვეულწილად დაიცვას ჯანმრთელობა.
ამიტომ, მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობის გაფართოება ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.
