ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქი ოლეშკი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდანვეა ოკუპირებული, უკვე რამდენიმე თვეა სრულ იზოლაციასა და ბლოკადაშიც მოექცა.
მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გაშენებული ისტორიული ქალაქი, რომელსაც არც ისე შორეულ წარსულში ციურუპინსკი ერქვა, ამჟამად ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
2026 წლის მაისის შემდეგ იქ აღარ შესულა სასურსათო პროდუქცია და მედიკამენტები, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების თვალსაზრისით, მდგომარეობა მეტად დაამძიმა ნოვა-კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეულმა წყალდიდობამ.
„სურსათთან დაკავშირებული ვითარება უკვე დიდი ხანია, სულ უფრო და უფრო უარესდება. ჩვენ უბრალოდ ველოდით, რომ ხალხი ამ პრობლემას ცოტა უფრო ადრე მიაქცევდა ყურადღებას“, - ამბობს ლეიტენანტი ევჰენი ვორონეცკი, უკრაინის საზღვაო ქვეითთა 34-ე ცალკეული ბრიგადის პრესსპიკერი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ოკუპირებულ ქალაქში მოსახლეობის დასახმარებლად უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენჯერმე გაგზავნეს საკვები და პირველადი საჭიროების პროდუქცია, თუმცა ეს საერთოდ არ არის საკმარისი, რადგან თითო დრონს მხოლოდ 20 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. როგორც წესი, მსგავსი ტიპის საფრენი აპარატები გამოიყენება რთულად მისადგომ ადგილებში მყოფი სამხედროებისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის.
„ეს საკვები არ არის განკუთვნილი, რომ ადამიანებმა ზამთარი გადაიტანონ. მისი მიზანია, დაეხმაროს მათ ძალების აღდგენაში, ნივთების ჩალაგებაში, საკვების წაღებასა და ოლეშკიდან წასვლის კიდევ ერთხელ მცდელობაში.
თუ გავაგრძელებთ ამ თამაშს - იქ საკვების მიტანას და ადამიანების იქ დატოვებას - ისინი კვლავ ცოცხალ ფარად იქნებიან გამოყენებული.
ეს მოჯადოებული წრეა, ერთგვარი ხაფანგი, რომელშიც როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად გავებით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უნდა სტრატეგია შევიმუშაოთ ამჟამად მარცხენა სანაპიროზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად, შედეგს მაინც ვერ მივაღწევთ, რადგან იქ მტერი იმყოფება და მისთვის ხელსაყრელია, რომ ადამიანები იქ დარჩნენ“, - თქვა უკრაინის საზღვაო ქვეითთა 34-ე ცალკეული ბრიგადის პრესსპიკერმა, ლეიტენანტმა ევჰენი ვორონეცკიმ.
ოლეშკის მასშტაბით, ფაქტობრივად, ყველა გზა დანაღმულია, რაც მოქალაქეთა გადაადგილებას უფრო საფრთხისშემცველს ხდის.
ოთხწელიწადნახევრიანი ოკუპაციის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა 12-ჯერ შემცირდა და ახლა 2 000-ზე ნაკლებ მცხოვრებს აერთიანებს.
ოლეშკის მცხოვრებლები საუბრობდნენ არა მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებზე, არამედ მიწაზე მიმოფანტულ პატარა, „ფურცლის ფორმის“ მახეებზე - მავთულებზე, რომლებზეც ფეხის წამოკვრა ნაღმს ააქტიურებს.
ვორონეცკის თქმით, უკრაინული ძალები დისტანციურადაც ნაღმავენ ტყის ბილიკებს, რომლებსაც რუსული ჯარები იარაღის შესატანად იყენებენ.
ამის მიზეზი ისაა, რომ რაც უფრო ღრმად მიიწევენ ისინი ოლეშკიში, მით უფრო შორს შეუძლიათ თავიანთი საარტილერიო სისტემებისა და დრონების მოქმედების არეალის გავრცელება უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ ხერსონამდე.
მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზებისთვის უკრაინამ მოსკოვს არაერთხელ სთხოვა ქალაქ ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტა.
რუსეთი, რომელსაც, როგორც ოკუპანტ ძალას, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ვალდებულება აქვს, მის კონტროლქვეშ მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩენისთვის აუცილებელი პირობებით უზრუნველყოს, ვალდებულების შესრულებაზე უარს ამბობს.
