მარსის თანამგზავრების მიმართულებით იაპონიამ კოსმოსური ხომალდი გაუშვა.
H3-ის ტიპის ავტომატური კოსმოსური აპარატი ახლა მარსის თანამგზავრ ფობოსისკენ მიფრინავს, სადაც, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის მიაღწევს - მიზანი კი წითელი პლანეტის თანამგზავრიდან ქვებისა და ნიადაგის ნიმუშების აღება და დედამიწაზე ჩამოტანაა.
როგორც ტოკიოში ამბობენ, მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შესასწავლად, თუ როგორ წარმოიქმნა მარსის თანამგზავრები ფობოსი და დეიმოსი, შეიცავენ თუ არა ისინი წყლისა და ორგანული ნივთიერებების კვალს, როგორ ჩამოყალიბდა ადრეული მზის სისტემა, რა პირობები არსებობდა სიცოცხლის წარმოშობისთვის და ზოგადად - რა საიდუმლოებებს ინახავს ეს პატარა ციური სხეული.
„რაკეტამ გეგმის შესაბამისად იფრინა. დადასტურდა, რომ გაშვებიდან დაახლოებით 1 საათის, 11 წუთისა და 13 წამის შემდეგ MMX წარმატებით გამოეყო რაკეტას და ორბიტაზე გავიდა. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ მისიის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო.
გაშვების შედეგების მიხედვით, მიგვაჩნია, რომ შევძელით MMX-ის ძალიან მაღალი სიზუსტით გაყვანა მარსისკენ მიმავალ დაგეგმილ ტრაექტორიაზე.
ასევე, მოხარულნი ვართ, რომ H3-ის ყველაზე მძლავრი კონფიგურაციით - Type 24-ით - დავიწყეთ ამ ისტორიული და საერთაშორისო მასშტაბით დიდი ყურადღების ცენტრში მოქცეული MMX მისიის პირველი ეტაპი“, - თქვა H3-ის კოსმოსური ხომალდის პროექტის მენეჯერმა, მაკოტო არიტამ.
იაპონიის გარდა, პროექტში აშშ-ის, ევროპის, საფრანგეთისა და გერმანიის კოსმოსური ორგანიზაციების მონაწილეობენ.
მისია მოიცავს ევროპაში შექმნილ რობოტსაც, რომელიც 2028 წლისთვის ფობოსის ზედაპირზე იმოძრავებს და დაეხმარება მეცნიერებს იმის გარკვევაში, რამდენად უსაფრთხოა აპარატის დაშვება და ნიმუშების შეგროვება.
ამის შემდეგ დაიწყება თანამგზავრის ორი განსხვავებული ადგილიდან მასალის შეგროვება, რომლის რაოდენობა, სულ მცირე, 10 გრამით არის განსაზღვრული.
ამ პროცესთვის გამოყენებული იქნება ორი მეთოდი - სპეციალური სინჯამღები, რომელიც ზედაპირს დაახლოებით 2 სმ სიღრმემდე გაბურღავს, და სისტემა, რომელიც აზოტის გაზით ნიადაგის ნაწილაკებს სინჯის კონტეინერში შეაგროვებს.
იაპონიის კოსმოსური სააგენტოს გათვლებით, 2031 წელს შეგროვებული მასალა სპეციალური კაფსულით უნდა დაბრუნდეს დედამიწაზე, თუმცა მისიის გაშვების ადგილიდან განსხვავებით, ის ავსტრალიაში, ვუმერას რეგიონში დაეშვება.
მეცნიერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარსს არაერთი კოსმოსური აპარატი ეწვია, ფობოსის წარმოშობა დღემდე არაა გარკვეული, რაც ამ მისიას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
თანამგზავრი მარსის გარშემო მოძრაობს და კარტოფილის მსგავსი ფორმა აქვს. ის წითელ პლანეტასთან იმდენად ახლოსაა, რომ მას დაახლოებით 7 საათსა და 39 წუთში ერთხელ უვლის გარშემო.
