თუკი ამერიკის შეერთებული შტატები ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგება, ეს „ისტორიული შეცდომა“ იქნება – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ჩაწერილ სატელევიზიო ინტერვიუში.
NBC News-სთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ იმედი აქვს, დონალდ ტრამპი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და რუსეთის პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებას შეცვლის. მისი განმარტებით, „ეს შეცდომაა“ და სარგებელს უკრაინასთან ერთად, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუტანს.
ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Starlink-ისა და Starshield-ის სერვისების შეფერხების ბრძანება, კიევის ვარაუდით, თეთრი სახლიდან გაიცა.
„მკაფიო რომ იყოს, შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ, ვინ გგონიათ პასუხისმგებელი Starlink-ისა და Starshield-ის სერვისების მუშაობის შეფერხებაზე? თქვენი აზრით, ეს განზრახ გაკეთდა?“, – ჰკითეს ვოლოდიმირ ზელენსკის.
„რა თქმა უნდა, გზავნილი მთავრობისგან წამოვიდა. არ ვიცი, კონკრეტულად ვისგან, რომელი უწყებისგან და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის არ მუშაობს. ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკის მთავრობისგან სიჩქარის შეზღუდვის შესახებ მითითება გაიცა, ტექნიკურად კი ეს SpaceX-მა განახორციელა. და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის – ასე ფიქრობენ ჩვენი გენერლები, ჩვენი მთავრობა და, რა თქმა უნდა, მეც“.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს ისიც, ენდობა თუ არა დონალდ ტრამპს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვენდობით ამერიკას. ვენდობით ორპარტიულ მხარდაჭერას და ვენდობით შეერთებული შტატების პრეზიდენტს. გვინდა, რომ მას ვენდობოდეთ და იმედი მაქვს, რომ ის თავის გადაწყვეტილებებს შეცვლის. რადგან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შეცდომაა და ჩვენ არ დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ, არც შეერთებულ შტატებს მოუტანს სარგებელს. მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. იმედი მაქვს, რომ ის თავის გადაწყვეტილებებს შეცვლის, შეცვლის პუტინის მიმართ დამოკიდებულებას. მისი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისიდანვე ველოდებოდით, რომ პუტინის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ადამიანებს უნდათ, რომ დაივიწყონ, რაც ხდება. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი დაივიწყონ, შეცვალონ რეალობა და შეცვალონ სიმართლე. არ შეიძლება ჩვენი რუსეთთან შედარება. არ შეიძლება ჩემი და პუტინის შედარება. ის აგრესორია. მან ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო. მისმა ჯარისკაცებმა ზრდასრულები და ბავშვები დახოცეს. ის ტერორისტია. ამიტომ იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პოზიცია ექნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავე ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, კვლავ მიაჩნია თუ არა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის მოკავშირეა. მან ამ კითხვაზე პასუხადაც განაცხადა, რომ „ამის იმედი აქვს“.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ მომხდართან თეთრ სახლს საერთო არაფერი აქვს.
„არ ვიცი, რა არის მათი თეორია, მაგრამ თეთრ სახლს ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ამას წინათ რაღაც ინფორმაცია ვნახე. ეს სრული სიცრუეა. თეთრ სახლში არავის გაუცია მითითება ინტერნეტის მუშაობის ან კავშირის სიჩქარის შენელების შესახებ, რათა გარკვეულ დრონებს მისი გამოყენება ვერ შეძლებოდათ. თუმცა, როგორც ვიცი, სერვისის მუშაობა უკვე აღდგენილია“, – თქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიო იმასაც უარყოფს, თითქოს შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, და უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, ყურადღება რუსეთთან ომის დასრულებაზე გაამახვილოს.
